აქტუალური
მევახშეებს მკაცრი რეგლამენტაციები დაუწესდებათ

aqtual-1საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში მევახშეებისთვის მკაცრი რეგლამენტაცია დაწესდება. როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, სამინისტროში უკვე შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს. მისი თქმით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, დღეს საქართველოში ძალაშია 200.000-მდე საიპოთეკო ხელშეკრულება და ჩვენს მოსახლეობას იპოთეკარების თემა ძალიან აწუხებს. მით უფრო, რომ ამ 200 000 ადამიანის უკან ოჯახები დგანან.

„ჩვენ შევქმენით ჯგუფი, რომელიც მუშაობს არა რომელიმე კონკრეტულ იპოთეკართან ან რომელიმე კონკრეტულ მევალესთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, არამედ მუშაობს ზოგადად მევახშეების მიერ ჩადენილი უმსგავსი საქციელის მიმართ მკაცრი რეგლამენტაციის დაწესების მიზნით. ჩვენ ვმუშაობთ ამ რეგლამენტაციებზე და ძალიან მალე მთავრობას საკანონმდებლო ინიციატივის გასაფორმებლად  წარვუდგენ ჩემს წინადადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქცეოდეს საკრედიტო-ფინანსური ორგანიზაცია, კერძო იპოთეკარი, რომ მას საზოგადოების თვალში მევახშე არ ეწოდებოდეს“, - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ სამარცხვინოა, როცა მევახშე სუსტი ადამიანის მდგომარეობით სარგებლობს, აუბედურებს ოჯახებს და აწესებს წლიურ 36%-ს.