აქტუალური
19 აპრილს აქციაზე წასასვლელად მეგრელებს 200, 300 და 500 ლარს სთავაზობენ!

aqtualuri-3საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია ქალები მშვიდობისათვის ხელმძღვანელის, ლალი ანთიას თქმით, ა.წ. 19 აპრილი “მიშას და მიშისტების ბოლო გაფართხალება იქნება“.

მისივე ინფორმაციით, სამეგრელოში ხალხს თბილისის აქციაზე წასასვლელად 200, 300 და 500 ლარს სთავაზობენ!

ორი დღის წინ ჩემთან მოვიდა ზუგდიდის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი, რომელიც ბაზარში ვაჭრობს. მასთან მისულან და უთქვამთ, 15-20 კაცს თუ შეკრებ და 19 აპრილის აქციაზე წამოიყვან, თითოს 300 ლარს გადავუხდითო. როგორც ამ ქალბატონმა მითხრა, თვითონ არა, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ 300 ლარი კარგი ფულია, ჩავა თბილისში და ჩამოვალთო”, - აცხადებს ანთია.

მისი თქმით, “ნაციონალები” ხალხს ეუბნებიან, რომ 21 აპრილს ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდება, თუმცა სოფლის მოსახლეობა აქციაში მონაწილეობის მიღებას მაინც არ აპირებს - “გვეყო ნაციონალების დაკრულზე ცეკვა, ძლივს გვეღირსა მშვიდი ცხოვრებაო“.

“სადაც უნდათ, იქ წავიდნენ, დადგნენ და დაუკრან ტაში თავიანთ ვადაგასულ პრეზიდენტს. მივმართავ სააკაშვილს: მიშა, არც 19 და არც 59 აპრილს სამეგრელოს და მეგრელების იმედი არ გქონდეს! სამეგრელოში მიშა დამთავრებულია და მის გვერდით მხოლოდ სისხლში ხელებგასვრილი და ადამიანის ცოდვაში ფეხჩადგმული ნაციონალები დგანან, რომლებიც ცოტანი არიან”,- აცხადებს “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ლალი ანთია.