სამართალი
ივანიშვილი: „მე არასოდეს მითქვამს, რომ საქართველო იყო აგრესორი და ომი დაიწყო“

ivaniSHსაქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. 2008 წლის ომის გამო პრეზიდენტის დაკითხვასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც უარყოფს, რომ საქართველო მონათლა აგრესორად, რომელმაც ომი დაიწყო.

„მე არასოდეს მითქვამს, რომ საქართველო იყო აგრესორი და ომი დაიწყო. ჩვენს ჯარს არ გადაუკვეთავს სხვა ქვეყნის საზღვარი და არ გადასულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. სწორედ რუსეთმა დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს  ტერიტორიული საზღვრები და განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა“, - აცხადებს პრემიერი და იქვე აღნიშნავს, რომ უპასუხოდ არ უნდა დარჩეს კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აღელვებს.

„საჭიროა პასუხი გაეცეს ბევრ კითხვას, რომლებიც ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიმართ არსებობს – რატომ ვერ შეძლო სააკაშვილმა აშკარა პროვოკაციის თავიდან აცილება; როგორ მოქმედებდა მთავარსარდალი და მთავრობა; რატომ ერეოდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები სამხედრო ოპერაციის მართვაში, რამაც ქაოსი და არეულობა გამოიწვია; რატომ მოჰყვა ამხელა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის; რატომ ვერ შეძლო მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია; როგორ დარჩნენ მეთაურის გარეშე ჩვენი რეზერვისტები, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს, და მრავალი სხვა.

არავინ აყენებს ეჭვქვეშ ჩვენი შეიარაღებული ძალების  თავდადებას, მათ გმირობას – ასობით ახალგაზრდა შეაკვდა ამ უთანასწორო ბრძოლას.  კითხვები მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელობის – მთავარსარდლისა და მთელი მთავრობის მიმართ ისმება და ისინი ვალდებული არიან კანონის წინაშე, გასცენ პასუხი ამ კითხვებს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.