აქტუალური
სააკაშვილი: “ძალიან ვწუხვარ, რომ აშშ–მა როკის გვირაბის დაბომბვის გადაწყვეტილება არ მიიღო!”

aqtual-2-gvirabiსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. გუშინ საღამოს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თოქ-შოუ "პოზიციაში" ნინო შუბლაძესთან სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომის დროს ამერიკის ხელმძღვანელობაში როკის გვირაბის დაბომბვის გეგმა განიხილებოდა.

აგრეთვე მან დაადასტურა პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომლის თანახმად, აშშ–ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აფრთხილებდა საქართველოს, პროვოკაციას არ წამოგებოდა, რადგან აშშ საქართველოს გამო ომში არ ჩაერთვებოდა.

"ეს არის, მგონი, ერთადერთი, რაშიც ეს ქალი (ნინო ბურჯანაძე - საქინფორმი) არ ტყუის. ასე იყო. ჩვენ ამაზე ვეუბნებოდით: „ჩვენ არ ჩავერთვებით, კონდი, ძვირფასო, მაგრამ თქვენ რას გააკეთებთ, ისინი თუ მოდიან მაინც?". მათი პასუხი იყო - არ გვგონია, მათ ეს გააკეთონო. ამასთან, ამერიკის ხელმძღვანელობის შიგნით როკის გვირაბის დაბომბვის გეგმაც განიხილებოდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს", - დასძინა სააკაშვილმა.