სამართალი
აშშ-ის ექსპრეზიდენტ რონალდ რეიგანის მრჩეველი: „ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას “არა” საქართველოს ნატოში გაწევრებაზე“

samartali-1

საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. ამერიკული გამოცემა „The National Interest“ რონალდ რეიგანის ყოფილი მრჩევლის დაგ ბენდოუს სტატიას “საქართველოს სახიფათო სვლა ნატოსკენ” (“Georgia’s Dangerous Slide Toward NATO”) აქვეყნებს, რომელშიც ამერიკული დიპლომატიის ვეტერანი წერს:

თბილისის სურვილი, დიდ საერთაშორისო ძალას მიეკედლოს, ადვილად გასაგებია. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ვალდებულია, მას ეს სამსახური გაუწიოს. ალიანსის მიზანი ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, საქართველოს ნატოში მიღება კი ამას სრულიადაც არ წაადგება. ვაშინგტონმა დაასრულა გარანტიების მიცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვის დაქვემდებარებაში იყო ცივი ომის დროს და მანამდეც.

ნატოს გაფართოების შეუქცევადი პროცესი ყოველთვის იწვევდა რუსეთის უკმაყოფილებას, თუმცა ომის საფრთხე რეალურად არასოდეს დამდგარა. რუსეთი მძიმე, უსიამოვნო მოთამაშეა, მაგრამ ის არ დაიწყებს ომს ყოფილ სახელმწიფოებთან. მოსკოვს ამისთვის არც ნება ეყოფა და არც შესაძლებლობა, ისევე, როგორც რაიმე მიზეზი.

საქართველო კი ამ კუთხით მკაფიო გამონაკლისია. თბილისმა საკუთარ გზას გადაუხვია, რუსეთის ინტერესების ისტორიულ რეგიონში დასავლეთის ავანპოსტი რომ გამხდარიყო. ბალტიის ქვეყნებისაგან განსხვავებით, რომელთაც ევროპასთან ურთიერთობის რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია ჰქონდათ, საქართველო, პრაქტიკულად, ამერიკას ისეთ მოედანზე იწვევდა, რომელზეც ვაშიგნტონს მანამდე არასდროს უთამაშია. შესაბამისად, მოსკოვის უკმაყოფილება პროგნოზირებადიც იყო და ექსტრემალურიც.

გარდა ამისა, სააკაშვილის ქმედება უგუნურობა იყო ნატოს ფორმალური გარანტიების უქონლობის შემთხვევაშიც. მოსკოვს შესაძლოა, ჰქონდა კონფლიქტის დაწყების სურვილი და მზადაც იყო უპირატესობის მოსაპოვებლად, თუმცა სროლა თბილისმა დაიწყო, ასეთი მთავრობა კი საიმედო მოკავშირე ვერ იქნება
... მიუხედავად დასავლეთის რჩეულის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიძულვილისა, ახალი პრემიერ-მინისტრი, სააკაშვილის მსგავსად, კვლავ ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ ნატოდან უსაფრთხოების გარანტიები მოიპოვოს. საქართველომ ხმაურიანი დაბადება გადაიტანა ორი ათეული წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს. 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შედეგად სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობა დაამხო. დასავლეთში განათლებამიღებული სააკაშვილი აშშ-სა და ევროპას დახმარების თვალით შესცქეროდა, თუმცა მარტო აღმოჩნდა 2008 წელს, როცა რუსეთთან ომი დაიწყო და წააგო.

ბუშის ადმინისტრაცია ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს გაწევრებას ნატოში. თუმცა, ალიანსის წამყვანი ევროპელი ლიდერები ნაკლებად იყვნენ განწყობილი, წინ აღდგომოდნენ ბირთვული იარაღით შეიარაღებულ რუსეთს სასაზღვრო დავისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელისთვის, თუმცა უმნიშვნელო – ევროპისთვის. 2008 წლის კონფლიქტმა გაამართლა მათი პოზიცია. მიუხედავად ამისა, ბუშის ადმინისტრაცია აგრძელებდა ზეწოლას საქართველოს ნატოში მიღებაზე. ასევე ობამას ადმინისტრაციაც, თუმცა ნაკლები ენთუზიაზმით.

მიუხედავად ნატოს წარმომადგენლების განცხადებისა, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრების მოწინააღმდეგენი უკან იხევენ, ნატოს ზოგიერთი წევრი მაინც ნეგატიურად განწყობილი რჩება, მათ შორის გერმანია. თუმცა, ნატო და საქართველო ისე აგრძელებენ მოქმედებას, თითქოს პასუხი "დიახ" გარდაუვალია.

თბილისსა და აფხაზეთს ან .. სამხრეთ ოსეთს შორის მორიგ შეტაკებას, შესაძლოა, რუსეთის ჩართვა მოჰყვეს, რაც, თავის მხრივ, ნატოსა და რუსეთის დაპირისპირების წინაპირობა შეიძლება გახდეს. შედეგი კი, შესაძლოა, ომი იყოს, რისთვისაც თავის არიდება დასავლეთმა ცივი ომის დროს ძლივს შეძლო.

ნატოს, რომელშიც დომინანტი აშშ-ა, შენარჩუნების ცხადი მიზეზი არ არსებობს. ევროპელებს ამერიკელებზე მაღალი მშპ და მეტი მოსახლეობა ჰყავთ, რუსებზე კი სამჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავთ და ათჯერ მაღალი მშპ აქვთ. ევროპელებმა თავიანთ უსაფრთხოებას თვითონ უნდა მიხედონ. თუ ალიანსს რაიმე ღირებულება აქვს, ეს ომისთვის ხელის შეშლაა. საქართველოს ალიანსში მიღება კონფლიქტს კიდევ უფრო შესაძლებელს გახდის. ამიტომ ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას “არა” ნატოში საქართველოს გაწევრებაზე".