საზოგადოება
„კარგად ვიცი NDI-ს გამოკვლევების ფასი, ამერიკელების, თუ ევროპელების... მათთვის მთავარია აჩვენონ, რომ საქართველოში - კოჰაბიტაციაა!“ - რომელ მინისტრს გაათავისუფლებს ივანიშვილი - საქინფორმის პროგნოზი

obshestvo-2საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. გასულ პარასკევს, საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა მიხეილ სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს, სადაც პოლიტიკურ შოუ “პოზიციაში“ ნინო შუბლაძესთან ერთად პირდაპირ ეთერში დააფიქსირა თავისი პოზიცია ქართველი ხალხისათვის საინტერესო ყველა საკითხზე.

გადაცემის წამყვანი ნინო შუბლაძის შეკითხვაზე - რით ახსნის NDI- ბოლო სოცგამოკვლევის შედეგებს, რომელთა მიხედაით მისი რეიტინგი 5%-ით შემცირდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილის და ექს-სპიკერ ბაქრაძის რეიტინგები უცვლელი დარჩა? - ივანიშვილმა უპასუხა:

“კარგად ვიცი NDI-ს და მისი გამოკვლევების ფასი, მათი ხელწერა, ამიტომ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ნებისმიერ გამოკვლევაში მთავარია - როგორ დასვამ კითხვას და რა თანმიმდევრობით - როგორც კითხვას დაალაგებ, შედეგიც ისეთი იქნება. გაყალბება სულ არ გჭირდება, მიიღებ იმას, რისი სურვილიც გაქვს. ამიტომ მაგ რეიტინგებს ჩემთვის ფასი არ აქვს - ამ რეიტინგების გარეშეც ძალიან კარგად ვიცი ქართული საზოგადოების განწყობა. და საერთოდ, ამ შეფასებების საუკეთესო ფილტრი საზოგადოებაა“.

NDI-ს მიერ დასახელებული ყველაზე წარმატებული მინისტრების ათეულთან დაკავშირებით ნინო შუბლაძის შეკითხვაზე - ვის მიიჩნევს თვითონ ყველაზე წარმატებულ მინისტრად? - ივანიშვილმა უპასუხა:

“ესეც არ ვიცოდი, გეფიცებით! იმას, რომელიც მე-10 ადგილზეა - გიორგი მარგველაშვილს (განათლების მინისტრი - საქინფორმი). მიუხედავად იმისა, რომ წულუკიანიც ძალიან მიყვარს. ძალიან წარმატებული მინისტრია ღარიბაშვილიც, ცუდად არ მუშაობს ალასანიაც. საერთოდ - ძალიან კარგი მინისტრები და გუნდი გვყავს, ერთის განდა... ერთ-ერთი მინისტრის საქმიანობაზე მაქვს ეჭვი, მაგრამ არ მინდა, ასე გავუშვა, ამიტომ საზოგადოებას ვამზადებთ, თუმცა ძალიან განვიცდი ამას. ახლა არ დაგისახელებთ, ორ კვირაში ამას ისედაც ყველა გაიგებს“.

პრემიერ-მინისტრის მიერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძეს გაათავისუფლებს, რადგან ეს მიმართულება ახალი მთავრობის მთავარ პრიორიტეტად დასახელდა და საეჭვოა, დარგის მინისტრის მუშაობა პრემიერ-მინისტრს აკმაყოფილებდეს.

ასევე ძალიან ბევრ შეკითხვას იწვევს საზოგადოებაში ოთხი მინისტრის - სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მმართველობის მინისტრ დავით ნარმანიას, კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძის მუშაობა.