რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ჯანსუღ ჩარკვიანი თავს იმართლებს, ანუ როდესაც ბოდიში დანაშაულზე უარესია...“

obS-redakt-a-1ერთხელ მრისხანე დამპყრობელმა თემურმა მოლა ნასრედინს ჰკითხა:

- მოლა, რას ნიშნავს - ბოდიში დანაშაულზე უარესია?

- ეს სპარსული სიტყვებია და მათი აზრი ასეთია: ზოგჯერ ბოდიშის მოხდა უარესია, ვიდრე შეცდომის ჩადენა - უპასუხა მოლამ, მაგრამ თემური ვერ მიხვდა.

- დავუშვათ, რომელიმე ადამიანმა რაღაც წინდაუხედაობა ჩაიდინა, მერე კი ბოდიშის მოსახდელად მივიდა, მაგრამ მისი მობოდიშება მის დანაშაულზე უარესი აღმოჩნდა.

რამდენს არ ეცადა მოლა, მაინც ვერ შეძლო, აეხსნა თემურისთვის ამ სიტყვების მნიშვნელობა. ბოლოს თემური გაბრაზდა და თქვა:

- რა ბრიყვი ხარ! სულ სამი სიტყვაა - შენ კი ვერ აგიხსნია! იცოდე, დროს გაძლევ - სანამ ასამდე დავითვლი, თუ ამის მერეც ვერ ამიხსნი, ვბრძანებ, თავი მოგკვეთონ!

მოლას სიტყვაც არ უთქვამს, თემურს მიუახლოვდა და გვერდში მაგრად უჩქმიტა. თემურმა წამოიყვირა და მოლას მიუბრუნდა:

- შენ რა, გაგიჟდი?! რას აკეთებ?

მოლამ თაყვანი სცა და მიუგო:

- მაპატიე, მბრძანებელო! მომეჩვენა, რომ საკუთარ სახლში ვარ და შენ - ჩემი ცოლი ხარ…

- რას ბოდავ?! - აღრიალდა თემური.

- არ გამირისხდე, მბრძანებელო! - უპასუხა მოლამ, - ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ბოდიში დანაშაულზე უარესია...

“ქართველი ხარ? - არ მოხვიდე 19-ში, სომეხი ხარ? კი ბატონო, მობრძანდი!“ - ამ მოწოდებით მიმართავდა ჯანსუღ ჩარკვიანი საქართველოს ქართველებს და სომხებს “ნაცმოძრაობის“ მიტინგის წინ, რომელიც რუსთაველის გამზირზე 2013 წლის 19 აპრილს გაიმართა. სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ცნობილი ქართველი პოეტის ბოლო “შედევრმა“, რომელიც მან თავის გაზეთ “ქართულ სიტყვაში“ დაბეჭდა, მისი დაუფარავი ქსენოფობურობისა და პროვოკაციულობის გამო ქართველი საზოგადოების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ამიტომ ბატონმა ჯანსუღმა თავის მართლება გადაწყვიტა, მაგრამ მისი მობოდიშება დანაშაულზე უარესი აღმოჩნდა...

თავად განსაჯეთ: გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ მას ამ სიტყვებით არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს და რომ სომხებს თავიანთი სიხარული აქვთ (ქართველებს კი - თავისი, ჩარკვიანი ისევ ყოფს სომხებს და ქართველებს), და მათ ბევრი რაღაც სჭირდებათ (გაცილებით იმაზე მეტი, რისი ამბიციაც საქართველოში არა ავტოქტონურ ეროვნებას უნდა ჰქონდეს!).

„ბიჭო, სომხებს ჩვენ რომ ვექცევით, უკეთესად არ შეიძლება. ჯავახეთში მიშაც ჩასული იყო, რომ სომხები ჩამოეყვანათ მიტინგზე და ამიტომ დავწერე, ქართველები არ ჩამოხვიდეთ (ცნობილი პოეტი ერთმანეთში ურევს სიტყვებს “არ მოხვიდეთ“ და “არ ჩამოხვიდეთ“, თუ თავისი “შედევრი“ თვითონვე დაავიწყდა?!), სომხებიო - თქვენ მოდით მეთქი (ახლა კი პოეტი უკვე სომხებს ყოფს - თბილისელებად და ჯავახელებად).

ეს თან იუმორია, თან ნაღდია! ოვანეს თუმანინიდან დაწყებული, ავეტიკ ისაკიანამდე, ყველა ჩემი ნათარგმნია ქართულად. მე ისეთი ურთიერთობა მქონდა ამ ხალხთან, როგორ დავცინებ  (რით აიხსნება მის მიერ სომხური ენის ესოდენ უნიკალური ცოდნა - სომხებისადმი მხურვალე სიყვარულით, თუ “მტრის ენა უნდა იცოდე“?!).

მაგრამ, ის რომ სომხებს ძალიან უნდოდათ აქ ჩამოსვლა (ესე იგი, პოეტი ეშმაკობს, ესე იგი, მისი რეპლიკა არ იყო იუმორი და არ იყო ნამდვილი!), ამიტომ ვთქვი ასეთი რაღაცა (თავს იმართლებს, რომ მისი სიტყვები, ალბათ - “ქვეცნობიერად“, მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის სომხებს ეხებოდა, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იქ კომპაქტურად დასახლებული ათასობით სომხის ერთგულებას სააკაშვილის “ნაცმოძრაობისადმი“).

წინა მოწვევის პარლამენტში 60 პროცენტი იყო სომეხი, ამდენივე იყო მთელ ხელისუფლებაში (ხოლო მისი მეგობრები სხვა მოწვევების პარლამენტიდან, რომელთა წევრი ბატონი ჯანსუღი გახლდათ, როგორც ჩანს, უკლებლივ “ჭეშმარიტი არიელები“ იყვნენ...). თვითონ გადაიკეთეს გვარები და მე რა შუაში ვარ? (ახლა ბატონი ჯანსუღი უკვე ქართველებს ყოფს - “წმინდად“ და “არა წმინდად“) აი ამიტომ ბრაზდებიან ნაღდი სომხებიც (ნუ დავაზუსტებთ - როგორ ბრაზობენ მასზე ნამდვილი სომხები მისი ბოლო “შედევრის“ შემდეგ...)“.

P.S. მაგრამ, ძვირფასო თანამემამულეებო, მოდით, როგორც ჭეშმარიტმა კავკასიელებმა, გავითვალისწინოთ ცნობილი ქართველი პოეტის ხანდაზმულობა და მის მიმართ ზედმეტად მკაცრები ნუ ვიქნებით. აჯობებს, მიმოვიხედოთ და გულახდილად ვთქვათ - განა ჩვენ შორის ცოტა ფიქრობს ისევე, როგორც ჩარკვიანი?..

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 30 აპრილი, თბილისი