საზოგადოება
„ვინ ამზადებდა ამ შეიარაღებულ ჯგუფებს? ვინ აძლევდა იარაღს?.. რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა?” - ომბუდსმენი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

lapanyuri-1საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილის განცხადებით, რომელიც მან ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოხსენებისას გააკეთა, 2012 წლის აგვისტოში ლოპოტას ხეობაში მომხდარის ოფიციალური ვერსია არაერთ კითხვას ბადებს. სწორედ ამიტომ იგი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, პროკურატურას კი მიმართავს რეკომენდაციით,  დაიწყოს გამოძიება საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩეჩენ მებრძოლთა გამოყენებით 2012 წელს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის ანგარიშის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით ქართველი ძალოვანები ჩეჩენ მებრძოლებთან თანამშრომლობდნენ, უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა აბსურდული უწოდა.

„როდესაც წერთ, რომ ბატონ მარგოშვილს ჰქონდა საქართველოში რეგისტრირებული იარაღი და ეს არის იმის დასტური, რომ შსს მათ ეხმარებოდა ტერორიზმში, ეს იმდენად არალოგიკურია, რომ არგუმენტების მოყვანაც კი არ სჭირდება“, - განაცხადა მინაშვილმა და დასძინა, რომ სახალხო დამცველი, ყოველგვარი დამადასტურებელი ფაქტების გარეშე, საქართველოს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს.

თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, რადგან ბევრი დეტალი გასარკვევია.

„ვინ ამზადებდა ამ შეიარაღებულ ჯგუფებს? ვინ აძლევდა იარაღს?.. რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა? აი, თუნდაც აქ ჩნდება კითხვა, ექსპერტიზის გარეშე როგორ დაადგინეს, რითი მოხდა გარდაცვალება? სიკვდილის მიზეზი ხომ უნდა იყოს ცნობილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე?! მე მიმაჩნია, რომ დანაშაულის ტოლფასია, თუ ჩვენ ამ ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ და გამოძიებას არ ჩავატარებთ ისე, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული“, - აღნიშნა ბესელიამ.