საზოგადოება
შეუთანხმებლობა ახალ მთავრობაში: „ეს როზა ლუქსემბურგის კი არა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა კოდექსია!“

rozaსაქართველო, 3 მაისი, საქინფორმი.  შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები დასაქმების მხრივ პრობლემებს შექმნის და ბიზნესის განვითარებას ხელს შეუშლის. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული. როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მის განცხადებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, რომლის განმარტებით, ახალი ცვლილებები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და განათლების მინისტრის შეფასებები მისთვის გაუგებარია.

„რაც შეეხება მარგველაშვილის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ ეს არის როზა ლუქსემბურგის საოცნებო კოდექსი, ასე არ არის. სინამდვილეში ეს არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსი, რომელიც სრულად შეესაბამება იმ დაპირებებს, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ“ მისცა ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ესაა კოდექსი, რომელიც აბალანსებს უფლება-მოვალეობებს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის და ამას გარდა, ის არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან“, - აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.