პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე: „საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს ისეთი ბრძენი და მორალური პიროვნება, როგორიც ჩვენი პატრიარქია“

1-alasa-kandსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღეს გამართულ სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატები განიხილეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციას ხუთზე მეტი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს, მათ შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი ალასანია, არმაზ ახვლედიანი, სალომე ზურაბიშვილი და ვახტანგ ხმალაძე. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ამ საკითხის განხილვა უნდა გაგრძელდეს უშუალოდ პრემიერ–მინისტრთან ერთად და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა (სავარაუდო თარიღად მომავალი ორშაბათი დასახელდა).

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტარ ელისო ჩაფიძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატს გამორჩეული თვისებები უნდა ჰქონდეს: "ვისურვებდი, რომ ის იყოს ისეთი ბრძენი და მორალური პიროვნება, როგორიც არის ჩვენი პატრიარქი ილია მეორე, ისეთი გამოცდილი და დიპლომატიური უნარ-ჩვევებით, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი, ისეთი პოპულარული და ენერგიით სავსე, როგორიც არის კახ კალაძე".

ამ საკითხს 7 მაისს აჭარაში მყოფი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. „ვინც არ უნდა დავასახელო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ყველა მოუგებს, რამეთუ ვიცი, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ჩვენი კოალიციისა და „ნაციონალების“ მიმართ. რაც შეეხება კონკრეტულად კანდიდატს, მე მყავს ჩემი ფავორიტი, მაგრამ თავს შევიკავებდი მისი დასახელებისაგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.