პოლიტიკა
გაბაშვილი: „ძალადობაზე მთავარი პასუხისმგებელი იქნება პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი!“

gokaსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ახლახან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისში, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საგანგებო მიმართვა გაავრცელა. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოკა გაბაშვილის განცხადებით, პრემიერმა ივანიშვილმა, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავების გარდა, მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება - მერაბიშვილი-ჭიაბერაშვილის სასამართლო  მორიგი ძალადობის ორგანიზებისათვის გამოიყენოს.

„ამისათვის ქუთაისში ჩამოყვანილია საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი კაკაბაძე-ვაჩნაძის ჯგუფი, გამორჩეული თავისი აგრესიულობითა და მზაობით ძალადობისათვის. ამ სასამართლოზე ვაპირებთ მისვლას ჩვენც, ვანო მერაბიშვილის მეგობრები და თანამებრძოლები... მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს და ღარიბაშვილს: იმისათვის, რომ არ მოუწიოთ თავის მართლება ნახატი ფილმებითა და მულტფილმებით, რომ ვითომ რაღაც ზომები იყო მიღებული იმისათვის, რომ არ მომხდარიყო დაპირისპირება სამოქალაქო ჯგუფებს შორის, და იმისათვის, რომ არ მიეცეს გასაქანი კიდევ ერთხელ ამ ჯგუფებს, რომლებიც ღიად ძალადობენ, სასწრაფოდ მიიღოს ზომები. ახლავე ვაცხადებ:  ჩვენ მივალთ სასამართლოზე მშვიდობიანად, მაგრამ ვაფრთხილებთ ყველას, თუ მეორე მხრიდან განხორციელდება ჩვენზე ძალადობა, ეს იქნება ერთადერთი ადამიანის ბრალი ამ ქვეყანაში. აქ, რა თქმა უნდა, კაკაბაძე-ვაჩნაძე და ეს ჯგუფები, რომლებიც ხელოვნურად შექმნა ხელისუფლებამ ჩვენზე ძალადობის განსახორციელებლად, პირადადაც პასუხისმგებლები არიან, მაგრამ მთავარი პასუხისმგებელი იქნება პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და, რა თქმა უნდა, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი!“, - განაცხადა გაბაშვილმა.