პოლიტიკა
ირაკლი ალასანია - 17 მაისის მოვლენებზე: „ეს არა მარტო უნდა დავგმოთ, არამედ მისმა ჩამდენმა პასუხიც უნდა აგოს“

alasania-pollit-3საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის სახლში იმყოფებოდა. ირაკლი ალასანიამ ლატვიის სეიმის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალდის ზატლერსთან ერთად საჯარო განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიის მონაწილეებმა ირაკლი ალასანიას თბილისში ა.წ. 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე და საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის პოზიციაზე დაუსვეს შეკითხვები.

„...როცა საქმე ეხება ძალადობას, ეს არა მარტო უნდა დავგმოთ, არამედ მისმა ჩამდენმა პასუხიც უნდა აგოს. პატრიარქმა სწორედ ეს განაცხადა საქართველოში დაბრუნების შემდეგ... ვფიქრობ, რომ თავის მხრივ, პატრიარქი პასუხისმგებლობას გრძნობს ქართველი ხალხის წინაშე. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი - 96-97% ხომ სწორედ ეკლესიას ენდობა, რადგან მას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე.

პატრიარქს მხოლოდ პოზიტიური როლი შეუძლია ითამაშოს ამ პროცესებში. რა თქმა უნდა, დემონსტრაციაზე სამღვდელოების წარმომდგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ქცევა ზღვარს გადავიდა და ეს ტელევიზიებითაც გადაიცა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია - სამღვდელოება, რიგითი მოქალაქე, მინისტრი თუ პრემიერ მინისტრი. კანონი განურჩევლად ყველას ეხება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.