პოლიტიკა
ჟან კლოდ მინიონი: „შეწუხებული ვართ მაღალჩინოსნების დაკავებებით, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს“

1-jean-claude-mignonსაქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟან კლოდ მინიონმა ევროსაბჭოს სახელით  შეშფოთება გამოთქვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების გამო. იგი იმედოვნებს, რომ აღნიშნული  საქმეები სამართლიან და ობიექტურ გარემოში წარიმართება. ამის შესახებ  ჟან კლოდ მინიონმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ დაკავებების სერიით, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ბუნებრივია, ჩვენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ვერ ჩავერევით, მაგრამ თუ ამ ადამიანების მიმართ არსებობს ბრალდებები, გვსურს ეს პროცესი ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში... შეწუხებული ვართ იმ დაკავებებით, რომლებიც ხორციელდება ყოფილ მაღალჩინოსანთა მიმართ, განსაკუთრებით კი იმ დროს, როცა რამდენიმე ხანში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. გვსურს, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურ ვითარებაში წარიმართოს და არ გვინდა, ამ საკითხზე შენიშვნები გაჩნდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ჟან კლოდ მინიონმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროსაბჭო  დიდი ყურადღებით დააკვირდება, თუ როგორ ჩატარდება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები.