პოლიტიკა
ვლადიმერ ხომერიკი: "ბატონი პუტინი მზად არის პრემიერს შეხვდეს, მე გეუბნებით ამას, როგორც მისი ნდობითი პირი“

1-xomerikiსაქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი მიიჩნევს, რომ რუსეთს აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაცია არ მოუხდენია. როგორც მან "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, „არ უნდა ვემდუროთ დიდ სახელმწიფოს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო გაერთიანებულიყო“.

„რუსეთი არის დიდი ქვეყანა და თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ოკუპაცია სულ სხვა რამეა, აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ყოფნა ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია. ქართველების მხრიდანაც ოკუპირებულია რუსეთი. რუსეთში ახლა 1 მილიონ ქართველზე მეტი ცხოვრობს".

ამასთან, ხომერიკის თქმით, რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საქართველოს პრემიერ ივანიშვილთან შეხვედრა სურს, თუმცა სამწუხაროა, რომ ამის სურვილი თავად პრემიერს ჯერ არ გამოუთქვამს.

"ბატონი პუტინი მზად არის შეხვდეს, მე გეუბნებით ამას, როგორც მისი ნდობითი პირი  და მისგან მაქვს ინფორმაცია, რომ გამოთქვამს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილს. ჯერჯერობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან მხოლოდ ის ითქვა, რომ ჯერ მზად არ არის პუტინთან შესახვედრად. რუსეთის მთავრობა და რუსი ხალხი ახალი ქართული მთავრობის მოსვლას მიესალმა და დიდი იმედები იყო ახალი მთავრობის მიმართ, რომ ურთიერთობები დათბებოდა", - განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.