პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია: „ქართული მიწა ეკუთვნის ქართველ ერს, ხოლო ერი მხოლოდ დღევანდელი თაობა როდია!“

analitika-CaCiaსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» აგრძელებს ინტერვიუს ალექსანდრე ჭაჭიასთან და გთავაზობთ მასთან საუბრის მეორე ნაწილს.

- თქვენ სახელმწიფო ხელისუფლების სისტემაში მომავალი პრეზიდენტის როლის შესახებ ახალი ხედვით გამოხვედით და განაცხადეთ, რომ პრეზიდენტი უნდა დავავალდებულოთ, დაკავდეს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის პრობლემით. ჩვენმა გაზეთმა მხარი დაუჭირა თქვენს იდეას, გამოკითხა უამრავი ექსპერტი და ბევრი მათგანი დაეთანხმა საკითხის ამგვარად დასმას, თუმცა ამ შეთავაზებას ხელისუფლებისგან რეაგირება არ მოჰყოლია. როგორ ფიქრობთ, რატომ?

 

- თუ ხელისუფლებას სჭირდება ნომინალური პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალური ვიზიტებით ევროპასა და ამერიკას ეწვევა და კულტურულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მაშინ რეაქციის არქონა ჩემს შეთავაზებაზე გასაგებია. ასეთ თანამდებობას ჩვეულებრივ «სინეკურას» უწოდებენ: ადამიანი ზის ხალხის კისერზე, იყენებს ყველა პრივილეგიას, სარგებლობს საყოველთაო პატივისცემით, ხოლო საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს მას არავინ სთხოვს. საქართველოში ასეთ თანამდებობაზე პრეტენდენტი ბევრია და მათგან ნაწილმა უკვე წარადგინა თავისი თავი, მაგრამ, თუ ამ თანამდებობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგელობით დავტვირთავთ და დავადგენთ, რომ ერთ-ორ წელიწადში პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს თავისი საქმიანობის კონკრეტული შედეგები, მაშინ ამ პოსტის დაკავების მსურველთა რიცხვი მკვეთრად შემცირდება. მე ვთვლი, რომ ქართველ ერს არ გააჩნია სურვილი და ფუფუნება, რომ  ძვირადღირებული მაღალჩინოსანი უსაქმური შეინახოს. ვთვლი, რომ ეს მაღალი რანგის პოსტი აუცილებლად კონკრეტული ამოცანების, მიზნების მისაღწევად  უნდა იქნას გამოყენებული.

შევარდნაძე-სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რუსეთთან, აფხაზებთან, ოსებთან ურთიერთობების სფეროში არავითარი პოზიტიური ნაბიჯი არ გადადგმულა. პოლიტიკის ამ მიმართულებით მუშაობდნენ ყველაზე არაკომპეტენტური ჩინოვნიკები, რომლებიც პარტნიორებთან არანაირი ავტორიტეტით არ სარგებლობდნენ. ორივე ხელისუფალი ამ პრობლემების გადაწყვეტის მიმართ თავის აბსოლუტურ გულგრილობას იჩენდა. სააკაშვილმა კი  აგვისტოს ავანტიურით პრობლემა სრულ ჩიხში შეიყვანა. ახალ ხელისუფლებას, რომელზეც არც სისხლია და არც დანაშაული მიუძღვის, აქვს მცირე შანსი, გამოიყვანოს შექმნილი ვითარება ჩიხიდან. ამისთვის საჭიროა პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ნება, პრეზიდენტის შესაბამისი ფუნქციებით დატვირთვა და ამ პოსტზე რუსული, ოსური და აფხაზური მხარეებისთვის მისაღები ადამიანის არჩევა. ეს აუცილებელია ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.

ეს აუცილებელია იმისთვისაც, რომ ივანიშვილმა ერის  ნდობა შეინარჩუნოს. საქმე ისაა, რომ ეკონომიკაში სწრაფი წარმატებები ვერ მოხდება, მიღწევათა შედარება ჯერჯერობით ამ ხელისუფლების სასარგებლოდ ვერ იქნება, სულიერ-ზნეობრივ სფეროშიც, როგორც უკვე ვისაუბრეთ, სერიოზული ძვრების იმედი არ უნდა გვქონდეს; ხმაურიანი სასამართლო პროცესების მეშვეობით შესაძლებელია ხელისუფლების რეიტინგის შენარჩუნება, მაგრამ დიდი ხნით _ არა. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ ნდობის შესანარჩუნებლად პოზიტიურ შედეგებს უნდა მიაღწიოს იმ მიმართულებით, რომელშიც წინა ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა. ეს მიმართულებაა რუსეთთან, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობები.

- გამოითქვა მოსაზრება, რომ პრეზიდენტად ეთნიკური აფხაზი აგვერჩია. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან განიხილა ეს წინადადება. როგორია თქვენი აზრი? 

- ის ფაქტი, რომ ეს წინადადება სერიოზულად განიხილებოდა ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ, მიგვითითებს, რომ ხელისუფლებას საერთოდ არ ესმის  რეალური სიტუაცია როგორც აფხაზეთში, ისე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. პირველ რიგში, აფხაზის პრეზიდენტად არჩევა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი აფხაზია, დამამცირებელია როგორც ამ ადამიანისთვის, ისე ქართული საზოგადოებისთვისაც. მეორეც, აფხაზი, რომელიც დღეს გახდება საქართველოს პრეზიდენტი, დაკარგავს ყველა კონტაქტს აფხაზურ საზოგადოებასთან, გახდება აფხაზეთში მიუღებელი ფიგურა.

საქართველოს პრეზიდენტი ქართველი უნდა იყოს, მაგრამ ქართველი, რომელიც სარგებლობს როგორც ქართული საზოგადოების, ისე აფხაზებისა და ოსების  ნდობით.

- აფხაზურ პრობლემასთან დაკავშირებით საინტერესოა თქვენი აზრი თბილისში არსებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს მნიშვნელობის შესახებ. შეუძლიათ თუ არა მათ რაიმე როლის შესრულება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზებაში?

- რა თქმა უნდა, არა. ვერანაირ დადებით როლს ისინი ვერ ითამაშებენ იმ მიზეზით, რომ აფხაზური მხარე მათ არავითარ შემთხვევაში არ დაელაპარაკება. და არამხოლოდ იმიტომ, რომ ბევრ მათგანს აფხაზეთში მომხდარ სისხლიან ტრაგედიაში ბრალი მიუძღვის. საქართველოში არის ხალხი, რომელსაც აქვს კარგი პირადი კონტაქტები აფხაზურ საზოგადოებასთან,  აფხაზეთში ავტორიტეტითა და ნდობით სარგებლობს, მაგრამ, თუ რომელიმე მათგანი დაიკავებს ოფიციალურ თანამდებობას აფხაზეთის სტრუქტურებში თბილისში, მაშინვე ყველა კონტაქტი მასთან გაწყდება. ეს რეალობაა და იგი უნდა გავითვალისწინოთ. საერთოდ კი,  რა თქმა უნდა, ამ სტრუქტურებს მომავალი არ გააჩნია.

- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მსოფლიო პატრიარქის შეხვედრის შემდეგ ქართული ეკლესიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში შედგება ილია მეორეს ვიზიტი აფხაზეთში. რამდენად რეალურია ეს?

- ეს არარეალურია, არავითარი ვიზიტი არ იქნება. სამწუხაროდ, ჩვენი ეკლესია, ისევე, როგორც სახელმწიფო ხელისუფლება, ყოველთვის იგვიანებს თავისი ინიციატივებით, რითაც პრობლემას ჩიხში აქცევს. ასეთი ვიზიტი  სხვა მეთოდებითა და სხვა ხალხის დახმარებით უნდა მომზადდეს. და ამ მიმართულებით მუშაობა არა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან, არამედ აფხაზური საზოგადოების შიგნით უნდა ხდებოდეს.

- ვინ უნდა იმუშაოს? ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა დიდად არ განსხვავდება «ნაციონალების» პოლიტიკისგან, რის გამოც საზოგადოებაში შეიმჩნევა უკიდურესი უკმაყოფილება როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე მთავრობის შემადგენლობის ხარისხით...

- დიახ, ბოლო 20 წლის მანძილზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში არ არიან ჭკვიანი, ერუდირებული, ეროვნული სულით გამსჭვალული  პროფესიონალები. რამდენიმე წლის წინ რუსეთის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა: ვიცნობდი და ვიცნობ ბევრ უაღრესად განათლებულ, წარმოსადეგ  ქართველს _ როგორც სუფთა ინტელექტუალებს,  ისე ორგანიზატორ-პრაქტიკოსებს; მითხარი ერთი, ვისგან ყალიბდება ქვეყნის პოლიტიკური ელიტა, თქვენი უმაღლესი ჩინოვნიკების კორპუსი, სად პოულობენ ასეთ გონებაშეზღუდულ და უფერულ ხალხს? მე ვუპასუხე, რომ, ჯერ ერთი, მათ შორის ცოტაა ქართველი, და მეორე, მათ პოულობენ და აწინაურებენ ამერიკელი კურატორები, ქართველი ხალხის აზრს და სურვილს ამ საქმეში არანაირად არ ითვალისწინებენ. ამასთან ერთად, უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეული პროგრესი მაინც არის: თუ ადრე გვრცხვენოდა საჯარო პირების 95 პროცენტის გამო, დღეს ამ გრძნობას 60-70 პროცენტის მიმართ განვიცდით. ვნახოთ, შეიძლება დროთა მანძილზე სიტუაცია უკეთესი გახდეს.

უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოების მოლოდინი ძალიან გადაჭარბებულია. ერს უნდა თვისობრივი ცვლილებები ყველაფერში, უპირველეს ყოვლისა, საკადრო პოლიტიკაში, და იგი უკვე ივიწყებს, როგორი ხალხი იყო ხელმძღვანელობაში სულ ცოტა ხნის წინ. პრეზიდენტი წარადგენდა მორიგ 23–25 წლის ბიჭს ან გოგონას სამინისტროს ან უწყების ხელმძღვანელის პოსტზე, იტყოდა, რომ ეს «გამოცდილი», «ძალიან ძლიერი პროფესიონალია», ამ უწყების თანამშრომლები მას ტაშს უკრავდნენ, საზოგადოება კი დუმდა. გაიხსენეთ, რომ თბილისელებს მერად  ჭიაბერაშვილი დაუნიშნეს და ქალაქის საზოგადოება მას «ბატონობით» მიმართავდა; თავდაცვის მინისტრად კეზერაშვილი მუშაობდა და გენერლები მას სმენაზე ედგნენ.

გაიხსენეთ სხვა მინისტრები, გუბერნატორები, მერები და  მიაქციეთ ყურადღება: ეს ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც, დაკარგავენ თუ არა თანამდებობას, არარაობად იქცევიან. მათ არ გააჩნიათ არც შესაფერისი პიროვნული თვისებები, არც საზოგადოებაში საკმაო ავტორიტეტი საიმისოდ, რომ თანამდებობის დაკარგვის შემდეგ დარჩნენ პატივსაცემ პიროვნებად ქვეყანაში ან ქალაქში. მათ ეს კარგად ესმოდათ, ამიტომაც ერთგულად ემსახურებოდნენ პატრონს და პარალელურად ცდილობდნენ, დაეგროვებინათ პირადი კაპიტალი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ უზრუნველად ცხოვრებისთვის. ზოგ ხელისუფალს  ხელს აძლევს ასეთი, სრულიად მასზე დამოკიდებული ხალხი, მაგრამ ეს ხელისუფლებას ავტორიტეტს არ ჰმატებს და ბოლოსდაბოლოს რეჟიმის კრახით მთავრდება.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშილი კადრების შერჩევის ასეთივე პრინციპით ხელმძღვანელობს...

- შესაძლოა, მაგრამ მაინც მდგომარეობა გაუმჯობესდა. მაგალითად, ადრე მე ვერ ვუყურებდი ტელევიზორს: მრცხვენოდა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიოდნენ. დღესაც ხშირად მიჩნდება უხერხულობის გრძნობა, მაგრამ, მცირე გამონაკლისის გარდა, არ მაწუხებს მწვავე სირცხვილის განცდა.

- და ვინაა ეს მცირე გამონაკლისი?

- მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი. და საქმე ის არაა, რომ იგი არც ერთი პარამეტრით არ შეესაბამება სადღეისოდ ესოდენ მნიშვნელოვან თანამდებობას. გავიგე, როგორ განაცხადა მან, რომ მისთვის სტალინი და ჰიტლერი ერთნაირი ბოროტებაა. ასეთმა უვიცობამ, ასეთმა ცინიზმმა, აზროვნების ასეთმა დაბალმა დონემ, უბრალოდ, გამაოგნა! მან არამხოლოდ ისტორიის  და ადამიანური მორალის  საკითხებში სრული  უმეცრება გამოავლინა, არამედ საკუთარ ხალხს, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ყველაზე დამსახურებულ თაობას _ დიდი სამამულო ომის ვეტერანებს შეურაცხყოფა მიაყენა. ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი თავხედური განცხადების შემდეგ მინისტრი თავის პოსტზე აღარ დარჩებოდა. მისი ადგილი არა მთავრობაში, არამედ იმ მაიმუნებს შორისაა, რომლებიც გორში სტალინის დაცემული ძეგლის ფონზე პოზირებდნენ. საოცარია, რომ ეს გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილია. მე ვიცნობდი მამამისს, მახსოვს, როგორ მოდიოდა ხოლმე დავით ჩხიკვიშვილთან და მოჰქონდა ახალი, სადღაც აღმოჩენილი მასალები სტალინზე, რომლებიც ამ უდიდესი პიროვნების გენიალურობას ამტკიცებდა. მე არ ველოდი მისი ქალიშვილისგან ასეთ უზრდელობას,  უკულტურობასა და პრიმიტივიზმს.

- ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც ქართულ საზოგადოებას აწუხებს, უცხოელებზე მიწების გაყიდვაა. არსებობს მოსაზრება, რომ გაყიდვის მასშტაბები უკვე თავად ჩვენი ერის არსებობას ემუქრება.

- ეს სწორი მოსაზრებაა. თუ გახსოვთ,  ყოველთვის გამოვდიოდი მიწაზე კერძო საკუთრების შემოღების წინააღმდეგ, მომყავდა მაგალითები რიგი ქვეყნებისა, რომლებიც ამ მახეში გაებნენ, ვარწმუნებდი საზოგადოებას, რომ გაპარტახებულ ქვეყანაში კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწა გახდება ღარიბი გლეხისთვის ერთადერთი, მაგრამ მკვდარი კაპიტალი და ის აუცილებლად შეეცდება მის გაყიდვას, ხოლო ყიდვას შეძლებენ მხოლოდ უცხოელები. ჩემი ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ეს არის «ყველა ცივილიზებული სახელმწიფოს პრაქტიკა» და, «თუ ჩვენ ევროპაში გვინდა», უნდა ვიყოთ ასეთივე ცივილიზებულები. მთავარი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ ეს იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა და მის მიერ დაქირავებული საქართველოს მთავრობის წევრები და საზოგადო მოღვაწეები არწმუნებდნენ ერს, რომ ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის სოფლის მეურნეობას «საბჭოთა ჩიხიდან» გამოიყვანს. ეს  ასფალტზე გაზრდილი «ექსპერტები» არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ, თუ კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს გააუქმებდნენ და მიწას გლეხებს კერძო საკუთრებაში დაურიგებდნენ, მაშინ მადლიერი და გახარებული გლეხობა გამორჩეული ენთუზიაზმით დაამუშავებდა მას, მოსავლიანობა ათმაგად გაიზრდებოდა  და ყველა იქნებოდა ბედნიერი და კმაყოფილი. საინტერესოა, რომ თავად გლეხები სხვა აზრისანი იყვნენ, მაგრამ «ექსპერტები» ამას მათი «ჩამორჩენილობითა» და «საბჭოთა მენტალიტეტით» ხსნიდნენ.

მახსოვს ტელერეპორტაჟი კახეთიდან, რომელშიც ჟურნალისტმა ჰკითხა მოხუც გლეხს, რას გააკეთებდა იგი, როდესაც მიწას საკუთრებაში მიიღებდა. მან დაღონებულმა შეხედა  მას და უპასუხა: «გავყიდი, შვილო, თუ ვინმე იყიდის. რით ან როგორ დავამუშავებ?». ჩვენს «ცივილიზებულ» ექსპერტებს არ ესმოდათ, რომ თავად მიწა გლეხისთვის არანაირ ღირებულებას  არ წარმოადგენს. ღირებულებას წარმოადგენს მოსავალი და მისი რეალიზაციის შესაძლებლობა. ხოლო რათა მიიღო მოსავალი, მიწა უნდა დაამუშავო, ამისთვის საჭიროა შესაბამისი ტექნიკა, საწვავი, სასუქი და ა. შ. თუ ეს ყველაფერი გლეხს არ გააჩნია, მაშინ მიწაც არ სჭირდება და იგი ეცდება მის გაყიდვას; ხოლო მცირემიწიანი საქართველოს პირობებში ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი ერი დაკარგავს საკუთარ მიწაზე უფლებას.

მიწაზე კერძო საკუთრების შემოღება არის დანაშაული არამხოლოდ მცირემიწიანობის მიზეზით, არამედ იმიტომაც, რომ ქართული მიწა ეკუთვნის ქართველ ერს და ერი არაა მხოლოდ დღევანდელი თაობა, არამედ _ წინა და მომავალი თაობებიც, ერთად აღებული. ერის არც ერთ თაობას არ აქვს უფლება, გაყიდოს ის, რაც მხოლოდ მას არ ეკუთვნის. ღმერთმა  მიწა გვიწყალობა, რათა თაობიდან თაობამდე დაგვემუშავებინა და გვესარგებლა მისი ნაყოფით, მაგრამ ღმერთის წყალობის გაყიდვის უფლება არ გვაქვს. თავის დროზე ძალიან გამიკვირდა, რომ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ გამოთქვა პროტესტი მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

- დღეს ეკლესია საზოგადოების ულტრალიბერალური ნაწილისგან თავდასხმებს განიცდის, მას ჩამორჩენილს, არათანამედროვეს, ბარბაროსულს უწოდებენ, მაგრამ საზოგადოების პატრიოტულ ნაწილსაც გააჩნია საყვედურები ეკლესიის მისამართით. მახსოვს, რომ თქვენც გამოთქვამდით უკმაყოფილებას ეკლესიის საქმიანობის გამო...

-  საზოგადოების პატრიოტული ნაწილი, მათ შორის მეც,  უკმაყოფილო იყო ეკლესიის პასიურობით, მისი გადაწყვეტილებით, _ არ ჩარეულიყო საზოგადოებრივ პროცესებში და არ გამოეთქვა თავისი მოსაზრება ერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების თაობაზე. ქვეყნის ნგრევის, ერის გახრწნის, საზოგადოების დეგრადაციის, ტრადიციული ღირებულებების დევალვაციის პროცესი, დიდი ხანია მიმდინარეობს და ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა ანგაჟირებული, გამყიდველი  ხელისუფლება იყო. ხალხი ამას ხედავდა და ელოდა ეკლესიისგან საპროტესტო სიტყვას, იმედი ჰქონდა მისი პრინციპული პოზიციის, მაგრამ ეკლესია დუმდა, თავს იმართლებდა საერო ცხოვრებაში არჩარევის პრინციპით. ზუსტად მაშინ მე საჯაროდ განვაცხადე და რამდენიმეჯერ გავიმეორე, რომ ღმერთმა ჩვენ ეკლესია ერის გადასარჩენად, სულიერი განვითარებისთვის და ზნეობრივი სრულყოფისთვის გვიბოძა და  ამ მაღალი მისიის შესრულებისგან ეკლესიის განდგომა დაუშვებელია-მეთქი. ეკლესია დუმილს აგრძელებდა.

მიუხედავად ამისა, მის მიმართ ნდობის დონე რჩებოდა ძალიან მაღალი, თავისთავად ეკლესია იყო და რჩება ერთადერთ საზოგადოებრივ ინსტიტუტად, რომელსაც ხალხი უკავშირებს თავის იმედებს ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ქართულმა ინტელიგენციამ, რომელიც საბჭოთა პერიოდში ამ როლს ასრულებდა, თავისი კონფორმიზმის, სიბეცისა და ხალხისგან მოწყვეტილობის გამო ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაკარგა. მადლობა ღმერთს, ბოლო ორი-სამი წელი ქართული სამღვდელოების ნაწილმა, მათ შორის ეკლესიის იერარქებმაც, დაიწყეს მწვავე ეროვნულ საკითებზე   ქადაგება არამხოლოდ ტაძარში, არამედ გაზეთის ფურცლებიდანაც. ამ მხრივ, სხვათა შორის, თქვენი გაზეთი იყო და რჩება მოწინავე პოზიციებზე. მთელი გულით მივესალმები სასულიერო პირების ასეთ საზოგადოებრივ აქტივობას. მთავარია, რომ ქვეყანაში არსებული ანტიეროვნული ძალების ძლიერი ზეწოლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  წნეხის გამო ეს დიდი ხნის ნანატრი აქტივობა კლებისკენ არ წავიდეს და ეკლესია კვლავ არ ჩაიკეტოს თავის შიდა ცხოვრებაში. ამისთვის კი მას მთელი საზოგადოების, მთელი ერის  მხარდაჭერა სჭირდება. ეს ეხება არა მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლს, არამედ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელთაც სურთ მომავალი თავიანთი შვილებისთვის. ყველაზე შეუპოვარ ათეისტს, საზოგადოებრივი ინოვაციების ყველაზე აქტიურ მხარდამჭერს უნდა ესმოდეს, რომ მართლმადიდებლობა ჩვენი ერის ტრადიციული ღირებულებების საგანძურში უდიდესი პლასტია, რომელიც ქართველი ერის იდენტობას განსაზღვრავს, ხოლო ტრადიცია ერის სიცოცხლისუნარიანობის საფუძველია. სიახლეები ხელს უწყობს პროგრესს მხოლოდ ტრადიციასთან ურთიერთქმედებისას, მხოლოდ მასთან ორგანული შერწყმისას. სიახლეებს, რომლებიც აძევებენ  და ანაცვლებენ ტრადიციას, ერის დეგრადაციისა და გადაგვარებისკენ მივყავართ.

სამღვდელოება თავისი შემადგენლობით არაერთგვაროვანია. სასულიერო პირებს შორის არიან კონფორმისტებიც, რომლებიც მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ანტიეროვნულ ხელისუფლებასთან; არიან «რეფორმატორებიც», რომლებიც ცდილობენ, «გაათანამედროვონ», «გააცივილურონ» მართლმადიდებლობა, სინამდვილეში კი სურთ, თავს მოგვახვიონ პროტესტანტული ღირებულებები; არიან თავდაჯერებული  ეკუმენისტებიც, მაგრამ არსებობენ თანმიმდევრული, ეროვნულად და პატრიოტულად ორიენტირებული, ღრმად მორწმუნე მართლმადიდებლობის მსახურები, რომლებიც მზად არიან, თავი გაწირონ სჯულისა და მამულისთვის. დაინახეს რა, როგორი სატანური ქვესკნელისკენ უბიძგებენ ერს გარე და შიდა ბნელი ძალები, ამ სასულიერო პირებმა აღიმაღლეს ხმა და ამით აგრძნობინეს ერს, რომ ეკლესია ჩვენთანაა, ესე იგი ჩვენთან არს ღმერთი! ეს ის ხალხია, რომელიც აცნობიერებს, რომ ემსახურო ღმერთს, ნიშნავს ემსახურო შენს ერს და მიიყვანო იგი ღმერთთან. ჩვენი სამოქალაქო და ეროვნული ვალია, მხარი დავუჭიროთ ასეთ სამღვდელოებას.

ესაუბრა ირაკლი თოდუა

გაგრძელება იქნება

იხილეთ აგრეთვე:

ალექსანდრე ჭაჭია: თუ მორჩილად მივიღებთ თავსმოხვეულ «ღირებულებებს», დავიღუპებით!

ალექსანდრე ჭაჭია: ივანიშვილის მოღვაწეობა დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, იგი ღირსეულად იქცევა

ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“

ალექსანდრე ჭაჭია: აგვისტოს ომი იყო თავდაჯერებული და დაუსჯელობით გათავხედებული არამზადების სისხლიანი ავანტიურა!