საზოგადოება
წულუკიანმა ივანიშვილს გადადგომის თხოვნით მიმართა?

culსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. Presa.ge-ს მიერ გავრცელებული ცნობით, რომელსაც ინფორმაცია კოალიციაში შემავალი  ერთ-ერთი პარტიის წევრმა მიაწოდა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ ივანიშვილს გადადგომის თხოვნით მიმართა.

წყაროს განმარტებით, პოლიტიკურ კულუარებში წულუკიანისა და ივანიშვილის დაპირისპირების სამ მიზეზს ასახელებენ. ერთ-ერთი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრისთვის ცნობილი გახდა თეა წულუკიანის sms-მიმოწერის შესახებ, სადაც წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს ქონდრისკაცად მოიხსენიებს და ამბობს, რომ სტრასბურგში პრემიერის გამოსვლის დროს სირცხვილით იწვოდა.

მეორე მიზეზია კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შორის დავა შრომის კოდექსთან დაკავშირებით, რომელსაც მარგველაშვილმა „როზა ლუქსემბურგის ოცნების კოდექსი უწოდა“, შედეგად კი კანონპროექტის ავტორისგან  მწვავე რეაქცია მიიღო...

დაპირისპირების მესამე მიზეზია წულუკიანის სურვილი, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი გახდეს. თუმცა, როგორც ჩანს, ივანიშვილი წულუკიანის ამ ამბიციის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

ამბობენ იმასაც, რომ პრემიერს წულუკიანის „ფრანგული კომპრომატების“ შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა „საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.

საბოლოოდ კი ეჭვიანმა პრემიერმა იუსტიციის მინისტრი აითვალწუნა.

Presa.ge-ს ცნობით, იუსტიციის სამინისტროში უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წულუკიანმა ივანიშვილს გადადგომის თხოვნით მიმართა.