პოლიტიკა
გრიგორი კარასინი: “მოსკოვი თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზადაა!“

vstrechaსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. მოსკოვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზადაა, - ამის შესახებ გუშინ  რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან მესამე შეხვედრის შემდეგ, რომლის მიზანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაჯანსაღების გზებზე არაფორმალური დიალოგის წარმართვა იყო. შეხვედრისას აღინიშნა ურთიერთქმედების ძირითად მიმართულებებთან - ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო, მეცნიერება და ჯანდაცვა - დაკავშირებული რიგი საკითხების პრაქტიკულ გადაწყვეტაში არსებული პოზიტიური დინამიკა. ასევე, მოწონებულ იქნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის თაობაზე, აღინიშნა უკვე მიღწეული შედეგები: 1 ივნისიდან სადღეღამისო გამშვები პუნქტის ამოქმედება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე „ზემო ლარსი-ყაზბეგი“, რფ-ში ქართული მინერალური წყლის მიწოდების დაწყება და კულტურული, სპორტული, სამეცნიერო, რელიგიური და სხვა ერთობლივი ღონისძიებების რაოდენობის ზრდა.

ორმხრივი შეხვედრისას ქართული მხრიდან გამოითქვა შეშფოთება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული სიტუაციის გამო, რაზეც რფ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ თემაზე დეტალური საუბარი ჟენევის დისკუსიის ფარგლებში გაიმართება. კარასინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი საქართველოში მოქმედი „ოკუპაციის შესახებ კანონის“ გაუქმების მომხრეა.

„მთავარი, რაც ჩვენი ტურისტებისათვის საფრთხეს წარმოადგენს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სტუმრობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა, თუნდაც მეორედ სტუმრობის შემთხვევაში. ჩვენ ერთადერთ მართებულ გადაწყვეტილებად ამ კანონის გაუქმებას მივიჩნევთ“, - განაცხადა კარასინმა.