საზოგადოება
წულუკიანი: „არ მინდა, მორწმუნეები შევაშინო, მაგრამ ათობით ათასი ძველი მოწმობის ნომრებში მიწყობილად სამი ექვსიანი აღმოჩნდა“

tea-tsulukianiსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ „ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, ახალ ელექტრონულ პირადობის მოწმობებში სამი ექვსიანის კომბინაცია არსად იქნება. სამაგიეროდ, ისინი მრავლად აღმოჩნდა ძველ მოწმობებში.

"ჩვენ დავადგინეთ და ამაში სინოდის ძველი განცხადებაც დაგვეხმარა, რომ პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე არავითარი მხეცის თუ ანტიქრისტეს ნიშანი არ არის. გამოვიკვლიეთ ძველი, ლამინირებული პირადობის მოწმობებიც. არ მინდა, მორწმუნე საზოგადოება შევაშინო, მაგრამ ათობით ათასი ასეთი მოწმობის ნომრებში აღმოჩნდა მიწყობილად სამი ექვსიანი. ახალ ელექტრონულ მოწმობებში არსად ამგვარი კომბინაცია არ იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, ალტერნატიული პირადობის მოწმობების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ განიხილება, თუ ელექტრონული პირადობის მოწმობა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის მისაღები აღმოჩნდება.