პოლიტიკა
კიდევ 7 დაღუპული ქართველი ჯარისკაცი - სხვის მიწაზე, სხვის ომში, შორეულ ავღანეთში...

helmandiსაქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, 2013 წლის 6 ივნისს, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზასთან სატვირთო მანქანით აფეთქება მოახდინა. ეს იყო უპრეცედენტო ტერორისტული აქტი, რომელიც თავისი მასშტაბით ყველა წინა თავდასხმას აღემატება. ტერაქტის დროს გამოყენებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება.  გარდაცვლილია  7 სამხედრო მოსამსახურე: კაპრალი თეიმურაზ თამაზის ძე ორთავიძე, კაპრალი გიორგი ნუგზარის ძე ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გიორგის ძე გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ვეფხვიას ძე ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ტარიელის ძე ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანის ძე სულხანიშვილი და პირველი კლასის რიგითი გიორგი ვაჟას ძე  ღუჭაშვილი.

თავდასხმის დროს აგრეთვე დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე, ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ისინი გადაყვანილი არიან „ბასტიონის“ ცენტრალურ ჰოსპიტალში.

ავღანეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ.