საზოგადოება
დაშგინ გიულმამედოვი და ელმარ გასანოვი თანამდებობებიდან გადადგნენ

dashgin-gulmamedovსაქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თურქთა კონფედერაციის პრეზიდენტი დაშგინ გიულმამედოვი და კონფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელმარ გასანოვი თანამდებობებიდან გადადგნენ. ამის შესახებ პრესას საქართველოს თურქთა კონფედერაციის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შურა აივაზოვმა განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ ანკარაში მყოფმა კონფედერაციის პრეზიდენტმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ფაქსით გამოგზავნეს მის სახელზე განცხადება დაკავებული თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ. შურა აივაზოვმა განაცხადა, აგრეთვე, რომ დაშგინ გიულმამედოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს თურქთა კონფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების პირველი ვიცე-პრეზიდენტის სარდარ ალიევისთვის გადაცემის შესახებ დროებითი შესრულებისთვის. საქართველოს თურქთა კონფედერაციის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შურა აივაზოვმა განაცხადა, რომ ხვალ მოწვეული იქნება საქართველოს თურქთა კონფედერაციის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია, რომელიც წესდების მიხედვით აირჩევს კონფედერაციის პრეზიდენტს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თურქთა კონფედერაცია საქართველოში თურქების ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა, რომელშიც ასოცირებულ წევრებად 7 საზოგადოებრივი ორგანიზაცია შედის. საქართველოს თურქთა კონფედერაცია 2011 წლის 2 ნოემბერს შეიქმნა. დაშგინ გიულმამედოვს კონფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა 2011 წლის 2 ნოემბრიდან ეკავა, ხოლო ელმარ გასანოვი საქართველოს თურქთა კონფედერაცის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2013 წლის 13 იანვრიდან იმყოფებოდა.