საზოგადოება
სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

1-cocxali-jawviსაქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტებმა ე.წ. აკადემიური სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქციის მონაწილეები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, რადგან, მათი თქმით,  ეს კანონპროექტი უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას ზღუდავს, ხოლო მთავრობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელად მისთვის სასურველი პირების დანიშვნას ცდილობს. სტუდენტთა თქმით, ისინი პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას დაელოდებიან და შემდეგ გადაწყვეტენ, რა მოიმოქმედონ.

უნივერსიტეტთან შეკრებილი 300-მდე სტუდენტი და პროფესორი განათლების სამინისტროსთან გადანაცვლებას გეგმავენ. ისინი გზის გამყოფ ხაზზე დგანან და მოძრაობას ხელს არ უშლიან.

აქციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა:

"მისასალმებელია, როდესაც სტუდენტები აქტიურობენ და ღიად აფიქსირებენ საკუთარ აზრს. სასურველი იქნებოდა, უფრო სიღრმისეულად ჩაიხედოს ყველამ იმ ცვლილებებში, რომელიც ხორციელდება, თუმცა თავისთავად კარგია აზრის გამოხატვა, ეს დემოკრატიის ნაწილია", – განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უნდა უყაროს განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელთა მიხედვით, აკადემიური საბჭოს ნაცვლად უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს . ამასთან, რექტორობის უფლება არ ექნება დოქტორის ხარისხის არმქონე პირს.

12 ივნისს პარლამენტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო, რის გამოც კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე თანამდებობიდან გადადგა თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი.