აქტუალური
რუსეთის ჯავახკის დიასპორა ითხოვს, დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს სომხებს, რომლებმაც სომხეთის მოქალაქეობა მიიღეს, რათა რუსეთში წასულიყვნენ და ოჯახები ერჩინათ

1-aktual-2-diasporaსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი.
რუსეთის ჯავახკის დიასპორის მიმართვა იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ხელისუფლებას
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მომსახურების განვითარების სააგენტომ აღმოაჩინა, რომ ქვეყნის სამ ათეულ ათასზე მეტი მოქალაქე ამავე დროს სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან, მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლებას არ შეატყობინეს და დაუმალეს.

ქართული კანონების მიხედვით, ეს შესაძლოა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი გახდეს.

კონკრეტული გაშიფვრა და განმარტებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჯერ არ ყოფილა, ამიტომ გვიწევს მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ საქმე ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს კონსტიტუციის ან კანონმდებლობის გვერდის ავლით მიიღეს სხვა ქვეყნის მეორე მოქალაქეობა.

როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამავე დროს სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება, ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად, ანუ იმისათვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს, აუცილებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმართვა, რომლის შეხედულებითაც ხდება  ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება.

ცნობილია ისიც, რომ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სომხეთში ორმაგი მოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს და ნებას რთავს, სომხეთის პარლამენტმა 2007 წლის თებერვალში მიიღო და ქვეყნის პრეზიდენტმა 2007 წლის მარტში მოაწერა ხელი. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლიათ მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორის წევრებს, ეკომიგრანტებს სომხეთიდან, კერძოდ, რუსეთში, აგრეთვე სხვებს.

სიღარიბე და სამუშაო ადგილების არარსებობა აიძულებს სამცხე-ჯავახეთის მხარის სომეხ მოსახლეობას, პერიოდულად სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ გაემგზავრონ, ძირითადად, რუსეთში. თუმცა, წინა ხელისუფლების უნიჭო და უპასუხისმგებლო მმართველობასთან დაკავშირებით, 2008 წლის სექტემბერში საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, ხოლო შესაბამისად, მხარის სომეხმა მოსახლეობამ იძულებით გამოიყენა სომხეთის რესპუბლიკის მიერ მინიჭებული მეორე მოქალაქეობის უფლება.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით, გამოაცხადოს საპასპორტო ამნისტია და შეუფერხებლად აღუდგინოს მოქალაქეობა საქართველოს ყველა სომეხი ეროვნების მოქალაქეს, რომლებმაც მეორე მოქალაქეობა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების სათანადო ორგანოების გაუფრთხილებლად მიიღეს.

პატივისცემით,

რუსეთის ჯავახკის დიასპორა
რუსეთი, 19 ივნისი, 2013 წელი