საზოგადოება
საქინფორმი: „შეიქმნას საქართველოში „წამების მუზეუმი“ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ნაცვლად და 12 888 ვიდეო ახალშექმნილ მუზეუმს გადაეცეს!“

1-sazog-2-wamebaსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. სამეგრელოში სამალავებში აღმოჩენილი მასალები შს მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შსს-ს შენობაში დახურულ შეხვედრაზე გააცნო.

შეხვედრას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, რომლის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ  შესაძლოა, ეს მასალები არ განადგურდეს, რადგან აუცილებელია  დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი - იმ პირებისა, რომლებიც ჩანან ვიდეოში.

„როგორც აღმოჩნდა, ეს არის ძალიან დიდი მასალა - სულ 12888 ვიდეო. ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება საზოგადოებაში, რომ აქ არის მხოლოდ და მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა მხოლოდ 54 დისკს მოიცავს, ამის გარდა კიდევ არსებობს 304 დისკი, რომლებზეც არის სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. აქ უმეტესად ფიგურირებენ პოლიტიკური ლიდერები, ძირითადად - პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები“, - განაცხადა გიგაურმა.

საქინფორმი მთლიანად ეთანხმება ეკა გიგაურის წინადადებას და გამოდის ინიციატივით - შეიქმნას საქართველოში „წამების მუზეუმი“ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ნაცვლად და 12 888 ვიდეო ახალშექმნილ მუზეუმს გადაეცეს!