საზოგადოება
ზოგი მედიის და არასამთავრობოს თვითლუსტრაცია: ვინ არ ისურვა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოჩანაწერების ყურება

1-eka-kvesitaZeსაქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. სამეგრელოში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერების ჩვენებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია. რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი, სადაც შს მინისტრმა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრიდან გამოსულთა განცხადებით, მათთვის მიუღებელი იყო შეხვედის ფორმატი. მათ დაადასტურეს ისიც, რომ სამინისტროს შენობაში შელაპარაკებასა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ჰქონდა ადგილი.

„შს მინისტრი მოვიდეს ხვალ ჩემს გადაცემაში. შეხვედრა დავტოვე იმიტომ, რომ იყო ცირკი და ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ“, - განაცხადა ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ, რომლის თქმითაც, პროვოკაციები იყო შალვა რამიშვილისა და ირაკლი კაკაბაძისგან.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილმა კადრების ნახვა საერთოდ არ მოისურვა. ჟურნალისტ დავით პაიჭაძის განცხადებით კი, მან ვერ მიიღო შს მინისტრისგან პასუხი, დაფარულია თუ არა ვიდეოკადრებში პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ყველა დეტალი, რის გამოც შეხვედრა დატოვა.

ვიდეომასალის ჩვენებამდე დატოვეს სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა - კახა კოჟორიძემ (საია), ნინო ლომჯარიამ (“სამართლიანი არჩევნები“), ეკა გიგაურმა (“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“), ასევე,  "24 საათის" რედაქტორებმა პაატა ვეშაპიძემ და მამუკა ფაჩუაშვილმა, "ტაბულას" ჟურნალისტმა სალომე უგულავამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი იმედოვნებს, რომ ეს ვიდეოკადრები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახდება. თუმცა, ჟურნალისტთა მეორე ნაწილი საზოგადოებისთვის მათ ჩვენებას ემხრობა.

1-eka-kvesit-qvem