პოლიტიკა
უსუფაშვილი: „ჩვენ მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, რაც საერთაშორისო საზოგადოებას აქვს მაღალჩინოსანთა დაკავებებზე“

1-bi-bi-siსაქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა მზად არის პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რაც საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში მაღალჩინოსანთა დაკავების საკითხთან დაკავშირებით აქვს. ამის შესახებ “ბი-ბი-სის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობის სისტემურ პრობლემაში დამნაშავე პირებს გამოძიება გამოააშკარავებს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ამ პროცესით დაინტერესდება, ხელისუფლება სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

უსუფაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების სწრაფვაზე ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ და ილაპარაკა მომავალ კვირას ატლანტიკური საბჭოს თბილისში სტუმრობის ფარგლებში დაგეგმილ მნიშვნელოვან შეხვედრებზე.

„9 წლის განმავლობაში ბატონი სააკაშვილი და მისი მეგობრები მართავდნენ ქვეყანას ისე, რომ შედეგად ახალ მთავრობას ბევრი პრობლემა დარჩა მოსაგვარებელი. ჩვენთან შემოვიდა ათასობით მოქალაქის საჩივარი, რომლებსაც ჩამოართვეს კერძო საკუთრება, დააპატიმრეს და აწამეს ციხეებში. პროკურატურამ და სასამართლომ უნდა გაარკვიონ, ვინ ხელმძღვანელობდა ამ სისტემურ პრობლემებს. მეორე მხრივ, არც ერთი თანამდებობა არ არის იმუნიტეტის გარანტია. ჩვენ მზად ვართ პასუხი გავცეთ შეკითხვებს. ეუთოსგან და ODHIR-სგან მოვითხოვეთ მონიტორინგის მისია, რომელიც სასამართლო პროცესებს დააკვირდება. ევროკავშირმა გამოაგზავნა მაღალი რანგის უფლებადამცველი ბატონი ჰამარბერგი, რომელიც უმაღლესი კომისარი იყო ადამიანის უფლებების კუთხით ევროსაბჭოში. მას საქართველოში ყველა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც საქართველოში დემოკრატიის დონით არის დაინტერესებული, რომ ჩამოვიდნენ და თავად განსაჯონ ყველაფერი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.