საზოგადოება
ხუბუტია: „ივანიშვილის გარემოცვის ძალიან მეშინია, მიხვდება, ალბათ... ყველა მთავრობა იცვლის ზოგჯერ გარემოცვას“

1-saz-xub-a5საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ტელეგადაცემა “ბიზნესკურიერი“ ქართულ ტელეარხ “რუსთავი 2“-ზე სკაიპით დაუკავშირდა რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტს, ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას, რომელმაც პირდაპირ ტელეეთერში განაცხადა:

“რა თქმა უნდა, ყველა ოქტომბრის არჩევნების მოლოდინშია... არჩევნების შემდეგ ბევრი ჩვენგანი გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას და სხვადასხვა სფეროში მონაწილეობის მიღებას. მონაწილეობის მიღებას იმაში, როგორ დავეხმაროთ ჩვენს ისტორიულ სამშობლოს და მასში ინვესტიციები ჩავდოთ“.

“სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებასთან ჯერჯერობით კავშირი არა გვქვს, მაგრამ ვფიქრობ, ისინი გამოჩნდებიან, რადგან მითხრეს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და მალე მივიღებთ პასუხებს და წინადადებებს. მინდა სამონადირეო მეურნეობა გავაკეთო, სადაც ჩვენი მთავრობა უცხოელი სტუმრების მიპატიჟებას შეძლებს. ეს ძალიან მაღალ დონეზე იქნება. ვიცი, რომ აზერბაიჯანში იყო ასეთი პრეცედენტი, როდესაც ასეთი მეურნეობა გაიხსნა და ალეკპეროვი იქ ძალიან მდიდარ ხალხს იწვევდა. რა თქმა უნდა, ივანიშვილი ნიჭიერი ადამიანი რომ არ ყოფილიყო, ამდენის მიღწევას ვერ შეძლებდა. მაგრამ ძალიან მეშინია მისი გარემოცვის... მიხვდება, ალბათ, ყველა მთავრობა იცვლის ზოგჯერ გარემოცვას. ჩვენს საზოგადოებაში პატიოსანი ადამიანის ცნება იკარგება, ჩვენ კი პატიოსანი პატრიოტები გვჭირდება პოლიტიკაშიც და ყველგან", – უპასუხა ხუბუტიამ “ბიზნესკურიერის“ წამყვანის შეკითხვებს - აქვთ თუ არა მას და ქართული წარმოშობის რუს ბიზნესმენებს კომუნიკაცია ივანიშვილის მთავრობასთან და მისი ბიზნესგეგმების შესახებ საქართველოში.