პოლიტიკა
საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თემაზე გადაუდებელი დებატების გამართვას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე არც ერთმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
"მხოლოდ და მხოლოდ EPP ითხოვდა, რომ გამართულიყო დებატები სახელწოდებით "გაუარესებული დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში". ჯერ კიდევ დილით საკითხის ასეთი ფორმით გატანა ბიუროს სხდომაზე ჩავარდა და ბიურომ მხარი არ დაუჭირა საკითხის ამ სახელწოდებით დღის წესრიგში შეტანას. მას სახელი შეუცვალეს და დაარქვეს "სიტუაცია საქართველოში", ყოველგვარი განმსაზღვრელების გარეშე. აქაც კი, ბიუროს სხდომაზე, 13/13-ზე გაიყო ხმები და შესაბამისად, ინიციატივა ასამბლეის სხდომაზე გავიდა. უკვე სხდომაზე ძალიან ნათლად ითქვა სხვა ქვეყნების დეპუტატების მხრიდან, რომ საქართველოში ისეთი არაფერი ხდება, რაც განსაკუთრებულ დებატებს მოითხოვს... საკითხს არც ერთმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა, გარდა EPP-სა, და ისიც არასრულად", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.