სამართალი
მიხეილ სააკაშვილი: “თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, უნდა დაისაჯოს. ეს ეხება მერაბიშვილსაც და ყველასაც“

mishaსაქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პასუხი ყველამ უნდა აგოს და ეს ვანო მერაბიშვილსაც ეხება. ამის შესახებ "ინფო 9"-ს პრეზიდენტმა ბათუმში განუცხადა.

„ადამიანი, რომელიც სჩადის დანაშაულს, უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ისეთი განცხრომით ლაპარაკობს დაპატიმრებებზე, ისე მოსწონს ის ფაქტი, რომ ვიღაცას დაიჭერს, ისე ყვება ამას ინტერვიუების დროს, რომ ხანდახან მგონია, რაღაც სიურრეალიზმთან გვაქვს საქმე. შეუძლებელია ნორმალურ ადამიანს ვინმეს დაჭერა ასე უხაროდეს. დაჭერა სამართლებრივი პროცესია, უსიამოვნო პროცესია, ეს ყველა მთავრობის დროს ხდება, მით უმეტეს, დემოკრატიულ ქვეყნებში - თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ამაზე ამდენი ხანი და ასე განცხრომით ლაპარაკი. და პრაქტიკულად, ბიზნესზე, ბარაკებზე, მუნიციპალურ და ინფრაქტრუქტურულ პროექტებზე დუმილი, მინიმუმ, არანორმალური და უცნაური მოვლენაა.  ეს ეხება მერაბიშვილსაც და ყველასაც. კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, მაგრამ ამას რომ პოლიტიკური სარჩული აქვს, დიდი თეორია არ სჭირდება. როცა ბედუკაძე გარეთააა და გარეთაა ლამის გმირის პასპორტით, მთავარი მწამებელი - თვითონ აწამებდა, თვითონ გადაიღო, თვითონ მონაწილეობდა, თვითონ დადგა. მეტი რაღა უნდა ექნა - რეჟისორიც, მონაწილეც, შემსრულებელიც და პროდიუსერიც თავადაა. ეს კაცი დღეს საზიზღარი დანაშულისთვის ლამის "ოსკარზეა" ნომინირებული. გმირადაა გამოშვებული. ეს უკვე თავისთავად გამორიცხავს იმას, რომ ამ საქმეებს ობიექტური კრიტერიუმებით მიუდგნენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.