სამართალი
48 მილიონ 930 ათას 822 ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე თბილისის მერიის 4 მაღალჩინოსანი დააპატიმრეს!

naruchnikiსაქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავეს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება "თბილისის განვითარების ფონდს," რომელიც მერიის მიერ ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაციის მიზნით, 2010 წლის 16 ივლისს შეიქმნა. ფონდი დაფუძნებიდან დღემდე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 
გამოძიება სწავლობს დედაქალაქის ბიუჯეტის კუთვნილი 48 930 822 ლარის მითვისება გაფლანგვის სამ ეპიზოდს:

1. ფონდიდან სახელფასო პლასტიკური ბარათების მეშვეობით 13 852 497 ლარის გაფლანგვის ფაქტს;

2. ფონდის საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით 34 000 000 ლარის მითვისების ფაქტს;

3. არამიზნობრივად ე.წ. ფურშეტებზე, “ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ღონისძიებების ორგანიზებისთვის დახარჯულ 719 862 ლარს. 
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.