პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: "ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა და ეს არჩევანი არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ შეიცვლება“

bi-mtსაქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას მან, კერძოდ. აღნიშნა: "ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა. ეს არჩევანი გულისხმობს თანამედროვე მსოფლიო თანამეგობრობის წევრობას და ეს არჩევანი არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ შეიცვლება, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა მიიღო.  

როცა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, პოლიტიკურ კონტექსტზე ვსაუბრობთ, რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ტერმინი გამოიყენება - დემოკრატია და ჯერ კიდევ მყიფე სტაბილურობა, მდიდარი ეროვნული კულტურა და მცირე სახელმწიფოებრივი გამოცდილება.

ჩვენი კეთილდღეობა წარმოუდგენელია კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო კავკასიის რეგიონებში უსაფრთხოების გარეშე. ჩვენ კარგად ვხედავთ ზოგადად შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს ვალდებულებას გლობალიზებულ მსოფლიოში.

ჩვენ შეგვაქვს ჩვენი წვლილი როგორც ავღანეთში მშვიდობის დამყარების საქმეში, ისე საერთაშორისო ტერორიზმისა და სხვა ტრანსნაციონალური საფრთხეების თავიდან აცილებაში და როცა ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთის მიწაზე თავგანწირვით იბრძვიან, ისინი საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და მსოფლიოში მშვიდობისთვის წირავენ თავს".

bi-1 bi-2
bi-3 bi-4
bi-5 bi-6
bi-7 bi-8