საზოგადოება
პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული ე.წ. პასპორტების ვალიდურობის აღიარებას უარყოფს
zaxarსაქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით,  ხელისუფლებას არ უღიარებია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული ე.წ. პასპორტების ვალიდურობა. "საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ან პარლამენტს არ გამოუცია არანაირი ნორმატიული აქტი, რომლითაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული ე.წ. პასპორტების ვალიდურობას აღიარებს. ამდენად, ინფორმაცია, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამ ე.წ. პასპორტების ვალიდურობა აღიარა, სინამდვილეს არ შეესაბამება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე განმარტებით,  არ გაუქმებულა წესებიც, რომლებიც აღნიშნული დოკუმენტებით საქართველოში გადაადგილებას არეგულირებს.
"საქართველოს ხელისუფლებას არც ამ საკითხზე გამოუცია რაიმე ნორმატიული აქტი და არ მომხდარა არანაირი სამართლებრივი ცვლილება. ამდენად, ვურჩევ ჩიორა თაქთაქიშვილს, შეეშვას ისტერიკას და დეზინფორმაციის გავრცელებას და ინფორმაცია საქართველოს მთავრობასთან გადაამოწმოს ან შესაბამისი ნორმატიული აქტები მოიძიოს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.