უცხოეთი
ხორვატია ევროკავშირში ოფიციალურად შევიდა

khorvatia-ucx-1საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. კვირიდან ორშაბათ ღამეს ხორვატია ევროკავშირში ოფიციალურად შევიდა და ამ ორგანიზაციის 28-ე წევრი გახდა.

დედაქალაქი ზაგრები და ათობით სხვა ქალაქი ქვეყნის ახალ სტატუსს ცენტრალურ მოედნებზე საზეიმო ატმოსფეროში - კონცერტებით, წარმოდგენებითა და ფოიერვერკებით ხვდება. დღესასწაულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის ჰიმნის - „სიხარულის ოდა“ შესრულება.

ამავე დროს სიმბოლური აქციები იმართება ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, საიდანაც ტელეტრანსლაცია მიმდინარეობს. სერბეთ-ხორვატიის საზღვარზე, ბაიაკოვოში ოფიციალურ პირთა და ჟურნალისტთა თანდასწრებით საზეიმოდ გაიხსნა ევროკავშირის ნიშნიანი აბრა.

ორშაბათიდან ხორვატიის წარმომადგენლები ევროკავშირის ორგანოებში მუშაობას შეუდგებიან. ევროკომისიაში ქვეყანამ მომხმარებელთა დაცვის საკითხებში კომისრის სავარძელი მიიღო, რომელსაც ნევენ მიმიცა დაიკავებს. აქამდე მას ხორვატიის მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა.