საზოგადოება
ზუგდიდელებს შეშა არ აქვთ!

zugdidis-satyeoშ.პ.ს. ,,ზუგდიდის სატყეო მეურნეობას”, რომელსაც ერიცხება ადგილობრივი ტყის ფონდი, შეჩერებული აქვს საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენება, რის გამოც ზუგდიდის რაიონის მოსახლეობა ზამთრის საჭიროებისთვის ვერ იღებს საშეშე მერქანს ადგილობრივი ფონდიდან.

,,სატყეო მეურნეობის” დირექტორი ივერ ჯალაღონია, 3 თვეზე მეტია, ცდილობს, მიიღოს ეს ე. წ. მკაცრი აღრიცხვის ფურცელი, მაგრამ ვერ გაარღვია ბიუროკრატიული ბარიერი. ჯერ ვერ გაირკვა, თუ ვის უნდა გაეცა ეს ფურცელი - თბილისს თუ ზუგდიდს. რამდენიმე ხნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ეს ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა, თუმცა ზუგდიდის საკრებულოს ფინანსთა სამინისტროსთვის ნებართვის გაცემა უნდა ეთხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ საკრებულო არ ყოფილა საკმარისი, საჭირო შეიქნა გუბერნატორის ჩარევა. საკრებულომ თხოვნით მიმართა გუბერნატორს, გუბერნატორმა წერილი მისწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ახლა ამ წერილის პასუხს ელოდებიან.

თუ პრემიერმა ინება და დადებითად გადაწყვიტა ეს საკითხი, ამის შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ უნდა დართოს ნება, რომ გამოყენებულ იქნეს ე. წ. მკაცრი აღრიცხვის ფურცლები. ამასაც დამზადება სჭირდება და შემდეგ ზუგდიდში ჩამოტანა. ამასობაში კი ძალიან აცივდა. ზუგდიდის მოსახლეობა ყოველდღიურად აკითხავს ივერ ჯალაღონიას, რომელიც ამ ბიუროკრატიული რეჟიმის გამო ხალხს ემალება. სასაცილოა, საწყენი რომ არ იყოს. მაინც რა გახდა ეს ფარატინა ქაღალდი, რომელსაც, ამდენი ხანია, ელოდება ზუგდიდის მოსახლეობა.