აქტუალური
„ორგანიზაციები, რომლებიც პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდებიან, პროვოკაციებს მოაწყობენ პოლიციის მიმართ, ეკლესიისა და საზოგადოებისათვის არასასურველი აქციებით!“

1-greg-observსაქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. არასამთავრობო  ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ ბატონ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ღია სარეკომენდაციო წერილით მიმართავს:

 

„ბატონებო, ვაცნობიერებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მიხეილ სააკაშვილის  მხრიდან კიდევ  ერთხელ არჩევნებისადმი არასერიოზულ  დამოკიდებულებას, რაც გამოიხატა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის რამოდენიმეჯერ  შეცვლაშიც.

 

მოგმართავთ რა სარეკომენდაციო წერილით, მოგახსენებთ:  წარმავალი რეჟიმი კიდევ ბევრ არასასურველ სიურპრიზს დადგამს. 

გვაქვს ინფორმაცია, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რევანშისტული სულისკვეთებით განმსჭვალულები, დიდ იმედებს ამყარებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, რათა დაეხმარონ ძალაუფლების,  გავლენების, ე.წ. კოჰაბიტაციის მეთოდებით  ზეწოლის შენარჩუნებაში ახალ ხელისუფლებაზე, საერთაშორისო თუ შიდა გავლენებით, რომლებიც ადრეც გვერდში ედგნენ ნაცმოძრაობას და ამჟამადაც წინა ხელისუფლებას რეაბილიტაცია-რეინკარნაციაშიც დიდი წვლილის შეტანას ცდილობენ.

ჩვენი ინფორმაციით, ეს ორგანიზაციები ძირითადად პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდებიან. ვფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები  დიდი ალბათობით  წინასაარჩევნო  და  არჩევნების პერიოდში  კიდევ  ბევრ პროვოკაციულ სიურპრიზს მოაწყობენ, მინიმუმ, ეკლესიისათვის და საზოგადოებისათვის არასასურველი აქციებით, სხვადასხვა ხერხებით, ამასთანავე, დიდი ალბათობით, იქნება პროვოკაციები პოლიციის მიმართაც, რათა დაჩაგრულებად წარმოჩინდნენ, როგორც წინა ხელისუფლების, ასევე მათი მხარდამჭერი  ა/ო ორგანიზაციები. რითაც შეეცდებიან, საერთაშორისო დამკვირვებლების წინაშე კიდევ ერთხელ იმიჯი შეურყიონ ახალ ხელისუფლებას. ამასთანავე, ვურჩევთ ხელისუფლებას, აქტიურად დაიხმაროს არასამთავრობო სექტორი, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების არა გაზვიადებას, არამედ წინასაარჩევნო პროცესებს და ასევე  არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ ჩატარებას ხელს შეუწყობენ.

პატივისცემით და კეთილი სურვილებით, 

,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“  

თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე