აქტუალური
2005 წლიდან რუსეთმა აფხაზეთს 484 მილიონ 848 ათას 484 დოლარი გამოუყო, დღეს კი კიდევ 33 მილიონ 333 ათას 333 დოლარს გამოუყოფს

1-aktual-3-abxaziaსაქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. 2005 წლიდან რუსეთმა, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კომპლექსური გეგმის შესაბამისად, მას 16 მილიარდ რუბლზე მეტი ფინანსური დახმარება გამოუყო (484 848 484$ 11.07.2013-ის კურსის მიხედვით - საქინფორმი), ხოლო 2013 წლის ბოლომდე კიდევ 1,1 მილიარდ რუბლს გამოუყოფს (33 333 333$ 11.07.2013-ის კურსის მიხედვით - საქინფორმი). ეს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რფ-ის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ხლოპონინმა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ყოფნისას დაადასტურა.

აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ხლოპონინმა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეთს: კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო პრეზიდენტის (რფ ვ.ვ. პუტინის - საქინფორმი) და მთავრობის თავმჯდომარის (რფ დ.ა. მედვედევი - საქინფორმი) სიტყვები, რომ ვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ აფხაზეთის პრეზიდენტს და მის პროფესიულ გუნდს და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ რესპუბლიკა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.

თავის მხრივ, აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვა რესპუბლიკის მთავრობის მიერ  კონტროლდება: თქვენ იცით, რომ აფხაზეთში შექმნილია კონტროლის პალატა, იქნება საუწყებო კონტროლი და ჩვენ განწყობილი ვართ მთლიანობაში ძალზე პროდუქტიული საქმიანობისათვის.

მან ასევე აცნობა დამსწრეთ, რომ წინა პერიოდის განმავლობაში - 2010-2012 წწ -  რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები (10,9 მილიარდი რუბლი - 330 303 030$ 11.07.2013-ის კურსის მიხედვით - საქინფორმი) - უკვე ათვისებულია. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ ასევე დაამტკიცა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის პირველი ეტაპი 2013-2015 წლებისათვის.