პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: "რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაინიშნა ჩემი სპეციალური წარმომადგენელი, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ორმხრივ ფორმატში შევძლებთ რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას"
1-evropuli-gzaსაქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მხრივ გადადგმული ნაბიჯები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ორმხრივ ფორმატში შეძლებს რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, მეათე საერთაშორისო კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაინიშნა ჩემი სპეციალური წარმომადგენელი, რამაც საშუალება მოგვცა/ კონკრეტული პრაგმატული ნაბიჯები გადაგვედგა ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურული კავშირების მიმართულებით. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორმხრივ ფორმატში შევძლებთ რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ფორმატია რუსეთთან კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკების საწარმოებლად და ჩვენ ამ პროცესის ერთგული ვიქნებით", - განაცხადა ივანიშვილმა
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მიმდინარე კოჰაბიტაციის პროცესზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ეს პროცესი ძალიან რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს.
"საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენი სახელმწიფო კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრობს. ეს პროცესი ძალიან რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, რისი ნათელი დადასტურებაა პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე დიალოგი… მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველა პირობას შევქმნით იმისათვის, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.