აქტუალური
ცესკოს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება - 97 ათასი ამომრჩეველი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს!

aqtual-2-mtavarსაქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეკომენდაციით მიმართავს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 8 ივლისს გამართულ სხდომაზე გადაწყდა, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამ კატეგორიის ამომრჩეველთა რაოდენობა, ცესკოს მონაცემებით, 97 000-ს აღემატება. ორგანიზაციის შეფასებით, რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთათვის ხმის მიცემის უფლება, ერთი მხრივ, წარმოშობს რისკს, რომ ასეთი ამომრჩევლები ერთდროულად აღმოჩნდნენ ორი საარჩევნო უბნის სიაში, რაც ზიანს აყენებს ამომრჩეველთა სიების სიზუსტეს და წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებთან.

მეორე მხრივ, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირთათვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა წინააღმდეგობაში მოდის ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლებების რეალიზებასთან და 97 000-ზე მეტ ამომრჩეველს დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ ცესკოს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია, ხოლო კონსტიტუციური პრინციპების დაცვა საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებზე მაღლა უნდა იდგეს. ორგანიზაცია ცესკოს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს.