აქტუალური
საქინფორმი განგაშის ზარს სცემს: თბილისში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა - დოყლაპიობა თუ საბოტაჟი ივანიშვილის მთავრობის წინააღმდეგ?

aqtual-2-semekსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ელექტროენერგიის გათიშვა, რაც ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ საეჭვოდ გახშირდა - თბილისელებისთვის სიახლე არ არის. არ შეიძლება არ აღინიშნოს ეს ტენდენცია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს ხომ მოსახლეობაში - ანუ პოტენციურ ამომრჩევლებში ახალი ხელისუფლებით სრულიად გასაგებ უკმაყოფილებას გამოიწვევს. “ისევ შევარდნაძის დროება დაბრუნდა?! მიშას დროს ასეთი რამ არ ყოფილა! ისინი რა, ელექტროენერგიას ყიდიან?! თუ პასუხისგებაში მიცემული თელასის ყოფილი ხელმძღვანელობა ივანიშვილზე შურს იძიებს?“ - რა ჭორებს არ მოისმენ...

მაშ რა არის ეს სინამდვილეში -  არაპროფესიონალიზმი, დოყლაპიობა, სამსახურებრივი გულგრილობა თუ პოლიტიკური საბოტაჟი ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ? - ამ საკითხში გასარკვევად საქინფორმმა მოქალაქეთა უამრავი საჩივრიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი შეარჩია - ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ქალაქ თბილისის ნუცუბიძის ფერდობის მე-5 მიკრორაიონში.

ვის არ მივმართეთ:

- სააქციო საზოგადოება “თელასში“, რომელიც დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებელ მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, დიდხანს რეკვის შემდეგ ჩვენი შეკითხვა უარყვეს და გვიპასუხეს, რომ მათ ყველა აუცილებელი ინვესტიცია ჩადეს;

- საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ვერცერთ ნომერზე დარეკვა ვერ შევძელით;

- თბილისის მერიამ ასევე აიცილა ჩვენი შეკითხვა, განაცხადა, რომ მასთან არანაირი კავშირი არა აქვს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (ე.წ. სემეკი) გადაგვამისამართა, რომელიც, პრეზიდენტ სააკაშვილის ახირებით, ასევე ქუთაისში გადაიტანეს;

- როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ქუთაისში დარეკვა მოვახერხეთ, თავდაპირველად სემეკ-ის თანამშრომლისგან ამ ორგანიზაციის წესდებიდან პოპულარული ამონარიდი მოვისმინეთ - მისი უფლებების და ფუნქციების შესახებ, შემდეგ კი - უკიდურესი გაკვირვება, რომ თბილისელები საქინფორმთან ჩივიან და არა მათთან, ქუთაისში... გვირჩიეს, ყველა საჩივარი შევაგროვოთ და მათ გადავუგზავნოთ, რათა ამის საფუძველზე ზომები მიიღონ და “თელასს“ პასუხი მოსთხოვონ.

საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო საქინფორმს არ აქვს დრო და საჭიროდაც არ მიიჩნევს, სემეკ-სა და “თელასს“ შორის უწყებრივი გარჩევით დაკავდეს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, საქართველოს მოსახლეობის ინტერესთა სადარაჯოზე დგას - უბრალო ადამიანების, რომლებსაც არც ძალა და არც ფინანსური შესაძლებლობა გააჩნიათ იმისათვის, რომ უშედეგოდ რეკონ სხვადასხვა ინსტანციაში, სადაც, როგორც წესი, ზარებს არ პასუხობენ.

იმის გათვალისწინებით, რომ სემეკ-ში ვალდებული არიან საქინფორმის ეს პუბლიკაცია საჩივრად მიიღონ, ჩვენ კონკრეტული მაგალითი მოგვყავს - ქალაქ თბილისის ნუცუბიძის ფერდობის მე-5 მიკრორაიონი. დაე, თვითონ მოსთხოვონ “თელასს“ ჟურნალი და დარწმუნდნენ - რა სიხშირით ითიშება იქ ბოლო ხანებში ელექტროენერგია.

მეტიც, დაინტერესდნენ - რატომ არ ცვლის “თელასი“ ე.წ. ფიდერს, რომელიც მე-5 მიკრორაიონის 11 კორპუსს ემსახურება და დიდი ხანია უვარგისი გახდა? იქნებ მოსახლეობამ თვითონ დაიწყოს ამისთვის ფულის შეგროვება, როგორც შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს?!