პოლიტიკა
ვიქტორია ნულანდი: „ამ მთავრობამ არჩევნებში წარსულის დანაშაულებების გამოსწორების დაპირებით გაიმარჯვა და ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობა!“

nulandiსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ხელისუფლებამ შენიშვნები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ასე ეხმაურებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიქტორია ნულანდის განცხადებას სენატში, სადაც ის მიწვეული იყო, როგორც ევროპისა და აზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტზე დასახელებული კანდიდატი. მას საქართველოს შესახებ რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს. მათ შორის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. ნულანდის განმარტებით, საქართველომ ბოლო პერიოდში დიდ პროგრესს მიაღწია და მისი უკუსვლა არავის სურს.

„საქართველომ ბოლო წლებში წინსვლას მიაღწია, გასული წლის არჩევნების ჩათვლით – ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება, მრავალპარტიული, ენერგიული პარლამენტის ჩამოყალიბება, მედიის მეტი თავისუფლება, პოლიციასა და ციხეში წამების აღმოფხვრის მცდელობა და აღებული საგარეო კურსის გაგრძელება. არავის სურს საქართველოს უკუსვლა იხილოს. კარგად გვესმის, რომ ამ მთავრობამ არჩევნებში წარსულის დანაშაულებების გამოსწორების დაპირებით გაიმარჯვა, თუმცა ჩვენ მყარად გვჯერა კანონის უზენაესობის და ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების, თუნდაც პოლიტიკური ანგარიშსწორების აღქმის შენიღბვის მცდელობა. დაცული უნდა იყოს სრული გამჭვირვალეობა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობის სათანადო პატივისცემა, რადგან მთელი მსოფლიო აკვირდება და ეს უშუალოდ ეხება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ყველა ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი, რასაც ჩვენც მხარს ვუჭერთ. ამრიგად, საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს დემოკრატიის გზიდან“, - განაცხადა ნულანდმა აშშ–ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯინ შაჰინის კითხვის საპასუხოდ.