პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: „სომხეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობა პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის“

viziti-tavdacvashiსაქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ და სეირან ოჰანიანმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში.

„ორმხრივ შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის გეგმით განსაზღვრული ურთიერთობის სტადია. შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა ზუსტად იმ გეგმით მიდის, რომელიც 2013 წელს დავსახეთ. ასევე, ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში 2014 წლისთვის იქნება განმსაზღვრელი. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ორმხრივი ურთიერთობები სომხეთსა და საქართველოს შორის პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მთავრობისთვის, და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.