აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ლიტვაში

aqtual-1-mt-seimi

საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ლიტვაში გუშინ დაიწყო. ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ბიძინა ივანიშვილს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრიუს კრივასი, ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის კანცლერის უფროსის მოადგილე რემიგიუს მოტუზასი და ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში აურდიუს ბრუზგა დახვდნენ.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი. 

ლიტვაში ბიძინა ივანიშვილი ლიტვის სეიმის ევროპული კლუბის წევრებს შეხვდა.

როგორც მან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობის ცალსახა და ურეყვი ნებაა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და კანონის უზენაესობის დამკვიდრება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზით.

შემდგომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის სასახლეში ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტესს საქართველოსადმი გამოჩენილი მეგობრული და პარტნიორული დამოკიდებულებისთვის. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა აფასებს, რომ წინა წლების მსგავსად, 2013 წელს საქართველო რჩება ლიტვისთვის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის პრიორიტეტული ქვეყნების ნუსხაში.

აგრეთვე, პრემიერი ივანიშვილი ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია საპარლამენტო განზომილებისა და ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება.

დაბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ალგირდას ბუტკევიჩიუსს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისაკენ მიმართული უდიდესი ძალისხმევისთვის. მისივე განცხადებით, ლიტვის მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით.

დღეს პრემიერი ივანიშვილი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად ლიტვიდან პოლონეთში გადაფრინდება და ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ დონალდ ტუსკს ევროინტეგრაციაზე და ვილნუსის სამიტზე გაესაუბრება.

თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე დაბრუნდება.
aqtual-1-seimi-1 aqtual-1-seimi-2
aqtual-1-seimi-3 aqtual-1-seimi-4