პოლიტიკა
საქართველოს ახალი პრეზიდენტის რეზიდენცია აშშ-ის ყოფილი საელჩო გახდება

usa-rezidenciaსაქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. თბილისი, ათონელის ქუჩა №25 - ისტორიული შენობა, რომელშიც შეერთებული შტატების საელჩო იყო, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის რეზიდენცია გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. მისამართს იცვლის მხოლოდ პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი კი სახელმწიფო კანცელარიაში რჩება.
ჯერჯერობით უცნობია, რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში. თუმცა  არაოფიციალურ ვერსიებზე კულუარებსა და პოლიტიკურ წრეებში უკვე საუბრობენ. საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, ის პრეზიდენტის რეზიდენციად უნდა დარჩეს. საპრეზიდენტო კანდიდატ ნესტან კირთაძის განცხადებით, აჯობებს, შენობა  „ლუვრად“ გადაიქცეს, ხოლო გიორგი თარგამაძის აზრით, იქ პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია უნდა იყოს.

5.000 კვადრატული მეტრი ფართობის აშშ-ის ყოფილი საელჩოს შენობა, რომელიც  240 ადამიანს იტევს, ამჟამად  ხარაჩოებშია და იქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მთავრობაში იმედოვნებენ, რომ შენობის ძირითადი ნაწილი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დასრულდება. მათივე თქმით, შენობა არ იქნება პომპეზური, მაგრამ იქნება მყუდრო და კომფორტული. გადაწყვეტილება ახალი რეზიდენციის ათონელის ქუჩაზე განთავსების შესახებ "მოამბეს" კანცელარიის უფროსმა ირინა ცქიტიშვილმა დაუდასტურა.