პოლიტიკა
მამუკა ახვლედიანი და 13 კომისიის თავმჯდომარე გადააყენეს

sakrebuloსაქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც 25 დეპუტატი ესწრებოდა, თანამდებობიდან გადააყენეს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი, საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბაჩილავა, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ გრიგალაშვილი, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაჩანიძე, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი, საქალაქო მეურნეობის კომისის თავმჯდომარე ხვიჩა სანაია, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე იოსებ ეგუტია, სახეებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ნაცვლიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე გურამ კინწურაშვილი, ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე კახა გურული, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გელა ომანიძე, ურბანული დაგეგმარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარე დავით წერეთელი.

სხდომის პარალელურად, თბილისის საკრებულოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალმა ზონამ“ აქცია გამართა, რომლის მონაწილეები საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების „ქართული ოცნების“ რიგებში გადასვლას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საკრებულოს ის დეპუტატები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" გაემიჯნენ, "მედროვეები, უღირსები და ვირთხები არიან", ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი შიხიაშვილის დანიშვნა დედაქალაქის სირცხვილია. აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერებით "შიხა-80 უდიპლომო სასიძო", "შიხა "ქართული ოცნების" სახე". 
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ახალი კანდიდატურების წარდგენისა და დამტკიცების საკითხი განხილული არ იქნება. 26 ივლისს კი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხი დადგება. სხდომას ფრაქცია „ნაციონალების“ წარმომადგენლები არ დასწრებიან.