აქტუალური
შს მინისტრი: „ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და ყველა ის პიროვნება იქნება სამაგალითოდ და ძალიან მკაცრად დასჯილი კანონის შესაბამისად!“

aqtual-2-ministriსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. გასულ შაბათს, ა.წ. 20 ივლისს, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის 12 მონაწილე დააკავეს. დაკავებულების მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარეობს.

„მე მინდა გამოვეხმაურო ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს. იცით,  რომ იქ დღეს გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერი.  ძალიან არასასიამოვნო ფაქტებს ჰქონდა ადგილი. იცით, რომ პოლიცია იცავდა და იცავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს იმისათვის, რომ არ დავუშვათ რაიმე ექსცესები და  უზრუნველვყოთ ამ ადამიანების უსაფრთხოება, მე ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ უსაფრთხოებას. სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანის მხრიდან დაფიქსირდა ძალადობა კონკრეტული ადამიანების მისამართით, მე ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ადამიანები იქნებიან დადგენილი და დასჯილი სამაგალითოდ.

ჩვენ ვთქვით და ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნებოდა და იქნება სამაგალითო ნამდვილად. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ და ვგმობთ  ნებისმიერ ძალადობას. და ყველა ის პიროვნება იქნება სამაგალითოდ და ძალიან მკაცრად დასჯილი კანონის შესაბამისად“ - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მომხდარი მოვლენების კომენტირებისას.