საზოგადოება
ვალერი ხაბურძანია: „ვარდების რევოლუციის“ დროს ჩემს კაბინეტში თითქმის ყოველდღე აშშ–ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რეზიდენტი იჯდა და მე მაკონტროლებდა რევოლუციონერთა სასარგებლოდ!“

1-sazogadoeba-1-xaburZaniaსაქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ პრეზიდენტ სააკაშვილის იმ განცხადების პასუხად, რომელიც მან ა.წ. 20 ივლისს სტუდენტებთან, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს გააკეთა, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: ამას არ ვამბობდი, უფრო იმიტომ რომ არ დამიჯერებდნენ, აბდიკაციის (ე.წ. ვარდების რევოლუციის) დროს ჩემს კაბინეტში თითქმის ყოველ დღე აშშ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რეზიდენტი იჯდა და მე მაკონტროლებდა აბდიკატორთა (რევოლუციონერთა) სასარგებლოდ, სამინისტროს ამერიკული ფრთა (იყო ასეთი) მას მხარს უჭერდა. ისე ალბათ მიშას დროსაც CIA (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) იყო და არა FBI, უბრალოდ მათ ქვეყნის გარეთ ამის კანონიერი უფლება არა აქვთ“.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს საქართველოს შსს-ში FBI-ის ჯგუფი იჯდა, რომელმაც დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი კანონიერი იყო.

„26 მაისს აქ ამერიკელი, FBI-ის ჯგუფი იჯდა შსს-ში, მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს მონიტორებზე ადევნებდა თვალყურს და ბოლოს დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი. იცოდით ამის შესახებ? არ წერენ "ასავალ-დასავალში" ამის შესახებ? - მე გიყვებით. ეს სერიოზული თემაა. ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება სახელმწიფოსი. ამიტომ გვგონია, რომ პოლიცია თუ გაჩერებს ქუჩაში, ეს არის დაყაჩაღება, გვგონია, რომ მიტინგს რომ შლიან, ეს არის ბრუტალობა და დიქტატურა", - განაცხადა სააკაშვილმა ერთ-ერთი სტუდენტის კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად გულისხმობდა ციხის კადრები და აქციებზე მომხდარი ამბები  ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას.

„ეს ყველაფერი – ციხეები, პატიმრები, პოლიციელები - გამოყენებული იყო მთავარი რაღაცის წინააღმდეგ - დიდი ისტორიული, ფუნდამენტური რეფორმების წინააღმდეგ, რომელსაც აქედან 5-10 წელიწადში ტაშს დაუკრავენ“, -აღნიშნა მან და დასძინა, რომ “საქართველოს ისტორია გრძელდება, არ ჩერდება და დაგროვდება ისეთი გამოცდილება, რომელიც ყველას მიახვედრებს, სად მიდიოდა მართლა საქართველო”.