აქტუალური
საქართველო NATO-ს ძალებისთვის სატრანზიტო დერეფნის უზრუნველყოფისთვის მზადაა

1-derefani-mtსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ავღანეთიდან ნატოს კოალიციური ძალების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გამოყვანის ალტერნატიულ გზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და აშშ-ის ტრანსპორტირების სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა უილიამ ფრეიზერმა იმსჯელეს.

შეხვედრაზე აშშ-ის ტრანსპორტირების სარდლობის წარმომადგენლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J4/J8 ლოგისტიკური ოპერაციების დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, მაიორმა გიორგი ახალმოსულიშვილმა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინა.

როდესაც ავღანეთში ნატოსა და ამერიკის შეიარაღებული ძალების შემცირება დაიწყება, ტექნიკის გაყვანის ერთ-ერთი ალტერნატიული გზა საქართველო იქნება. ჩვენი ქვეყანა კარგ ინფრასტრუქტურას სთავაზობს, აქვს კარგი შესაძლებლობები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გამოიყენონ. ეს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელების კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება გენერალმა ფრეიზერმაც: დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავა. კომერციული კუთხით ახალი შესაძლებლობები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“.

26 ივლისს  საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ტრანსპორტირების სარდლობის ხელმძღვანელს უილიამ ფრეიზერს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა.

1-derefani-1