აქტუალური
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადება

aqtual-1-politsabWoსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. 20 ივლისს ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერიზის დროს მომხდარი დაპირისპირება მკაცრად დაგმო პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

პარტია გაემიჯნა აღნიშნულ ინციდენტს და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ან აგრესიული ქმედება პოლიტიკურ პროცესებში მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზებაში პარტია „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს, არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, გამოიკვეთა პარტიის ცალკეული წევრების მონაწილეობა ზუგდიდის ინციდენტში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ამ პირებთან დაკავშირებით, კერძოდ:

გაიოზ მონიავა - წერილობითი გაფრთხილება

ლაშა გოგია - გაფრთხილება

ზაალ თოდუა - გაირიცხა

„ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ყოველთვის შეურიგებელი და სამართლიანი პოზიცია ექნება მსგავს ფაქტებთან მიმართებაში. გასულ წლებში და განსაკუთრებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ძალადობის, ზეწოლის, უსამართლობის ობიექტი, თუმცა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს სამარცხვინო პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ჩვენ, როგორც მმართველი კოალიციის წევრ პარტიას, გვეკისრება პასუხისმგებლობა არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პარტია აფრთხილებს მის ყველა წევრს და მხარდამჭერს, თავი შეიკავონ მსგავსი აგრესიული ქმედებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კვლავაც მიიღებს უმკაცრეს დისციპლინარულ ზომებს.