აქტუალური
შევარდნაძე: „ბიძინასგან მეტს ველოდი სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით... მოვიდა კონკრეტული მოქმედებების დრო! მარტო ლაპარაკი საქმეს არ აკეთებს“

1-aktual-eduardსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. თუ პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ იმოქმედებს, მისი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ბედს გაიზიარებს, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ „ასავალ-დასავალთან“ ტრადიციულ ინტერვიუში.

„სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ ბევრს ბედავენ, ისევ მუქარით ლაპარაკობენ და ივანიშვილის მთავრობის დისკრედიტაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ“, - აღნიშნა მან.

“საზოგადოებაში უკვე მწიფდება აზრი – სააკაშვილი და “ნაციონალები” ამდენს იმიტომ ბედავენ, რომ ხედავენ, რეალურად მათი დამსჯელი არავინაა. მართალი გითხრათ, მეც ვეთანხმები ხალხის განწყობას.

... ბიძინასგან მეტს ველოდი სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. არც კი მინდა ვიფიქრო, რა მოხდება, თუ სამართალი არ აღსრულდება. უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ, თუ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს დამნაშავეთა დასჯას, ამას თვითონ ხალხი გააკეთებს.

გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ბაჩო ახალაიასაც პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ. ეს უკვე ბოლო წვეთი იქნება. იმედია, ეს კარგად ესმის ხელისუფლებასაც. მინდა, შენიშვნა გავაკეთო ივანიშვილის მისამართით. - პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, ხალხიც ჯერჯერობით მხარს უჭერს. მოვიდა კონკრეტული მოქმედებების დრო! მარტო ლაპარაკი საქმეს არ აკეთებს. თუ ბიძინა არ იმოქმედებს, მისი ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლების ბედს გაიზიარებს“, - აცხადებს ექს-პრეზიდენტი.