პოლიტიკა
მანანა კობახიძე: “ხომ არ გახდნენ მერაბიშვილი და ახალაია ცოცხითა და „დუბინკით“ გაუპატიურების მსხვერპლი?“

1-manana_kobakhidze1საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. გუშინ გამართულ რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიში მოისმინა, სადაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევები, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები, ქონების უკანონოდ ჩამორთმევა და გახმაურებელი საქმეებია აღწერილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ აღნიშნულ  ანგარიშს  776-გვერდიანი „ნაციონალური“ ჯოჯოხეთი უწოდა და დაინტერესდა, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხომ არ გახდნენ.

"მაინტერესებს, ბრალდებულებს - ივანე მერაბიშვილსა და ბაჩანა ახალაიას, მსჯავრდებულ თენგიზ გუნავას და სხვებს, რომლებიც არიან გისოსებს მიღმა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, აქვთ თუ არა საწოლი, ლეიბი, საბანი და ბალიში; აიძულებენ თუ არა მათ, ისაუბრონ ჩურჩულით; ხომ არ უკრძალავენ სიცილს ან რადიოს მოსმენას; აიძულებენ თუ არა, შეჭამონ ფურცელი საკუთარი ჩვენებით; აიძულებენ თუ არა, ჩაიცვან სველი ტანსაცმელი; აიძულებენ თუ არა, ეძინოთ რიგრიგობით; აიძულებენ თუ არა, მისცენ ჩვენება საკუთარი თავის ან სხვათა წინააღმდეგ; აყურებინებენ თუ არა სექსუალური ძალადობის სცენებს; ხომ არ გახდნენ ისინი, დიდი ბოდიში საზოგადოებასთან, მაგრამ ცოცხით, დუბინკით ან სხვა რაიმე საშუალებით გაუპატიურების მსხვერპლები; აიძულებენ თუ არა, თავზე ხელებდაწყობილებმა იარონ მუხლებზე ბეტონის იატაკზე ან თავი ურტყან მას. ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც გადმოცემულია სახალხო დამცველის 2012 წლის 776-გვერდიან ანგარიშში, რაც ნაცისტურ გერმანიას შეშურდებოდა. მე მაინტერესებს, არის თუ არა დაცული მათი უფლებები", - განაცხადა მანანა კობახიძემ.