უცხოეთი
რუსეთში ანტიმეკობრული კანონი ძალაში შევიდა

1-antipiratskiსაქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ე.წ. ანტიმეკობრული კანონი, რომელიც მოწოდებულია, ინტერნეტში ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაიცვას, რუსეთში 2013 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება. ჯერჯერობით ის ვიდეო, კინო და სატელევიზიო პროდუქციას ეხება, თუმცა უკვე საშემოდგომო სესიაზე რფ-ის სახელმწიფო დუმა ამ დოკუმენტში მუსიკის, თამაშებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ქსელში არალეგალური გავრცელებისათვის სანქციების ჩაწერას ითვალისწინებს.

კანონი ითვალისწინებს იმ ინტერნეტგვერდის ფაქტობრივად წინასასამართლო ბლოკირებას, რომელზეც, სავარაუდოდ, არალეგალური კონტენტია განთავსებული. საავტორო უფლების მქონე პირს ქსელში მის უნებართვოდ განთავსებული ფილმის ან ვიდეოს აღმოჩენისას შეუძლია მიმართოს მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გვერდის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თხოვნით, სასამართლო კი, თავის მხრივ, ინტერნეტ-რესურსის დაბლოკვის უზრუნველყოფის ზომებს მიმართავს, ხოლო საავტორო უფლების მქონე პირმა 15 დღის ვადაში სასამართლოში ოფიციალური სარჩელი უნდა შეიტანოს.

ფედერალურმა სამსახურმა  კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების სფეროში სამი დღის ვადაში უნდა დაადგინოს ჰოსტინგ-პროვაიდერი და გაუგზავნოს შეტყობინება არალეგალური მასალების წაშლის მოთხოვნით. თავის მხრივ, ჰოსტინგ-პროვაიდერს ერთი სამუშაო დღე ეძლევა იმისათვის, რომ აღნიშნული სამსახურის განკარგულება საიტის მფლობელამდე მიიტანოს, რომელიც ვალდებულია, 1 დღე-ღამის განმავლობაში წაშალოს ინფორმაცია. ამ უკანასკნელის უმოქმედობის ან უარის შემთხვევაში კი ჰოსტინგ-პროვაიდერმა რესურსზე წვდომა 3 დღის ვადაში უნდა შეზღუდოს.